იტალიელი ვეტერანი თავდამსხმელი ალდო სერენა ახლა 63 წლის არის. „იუვენტუსის” შემადგენლობაში ის 1985-86 წლების სეზონში გახდა სერია A-ს ჩემპიონი; 1988-989 წლების სეზონში სერენამ სკუდეტო „ინტერის” მაისურით მოიპოვა, ხოლო 1991-92 და 1992-93 წლების ჩემპიონატებში „მილანის” შავ-წითელი მაისურით გაიმეორა იგივე. რაც შეეხება მის სანაკრებო მიღწევას: 1990 წლის მუნდიალზე მან „სკუადრა აძურასთან” ერთად მესამე ადგილი მოიგო, თუმცა ნახევარფინალში, პენალტების სერიაში არგენტინის ნაკრებს გადამწყვეტი პენალტი ვერ გაუტანა.
ალდო სრენენას „ლა სტამპამ” ჩამოართვა ინტერვიუ. გთავაზობთ მის ამონარიდებს.
თავდამსხმელი
სანამ პროფესიულ ფეხბურთში დაუვიწყარ პირველ გოლს გავიტანდი, ჩემს პატარა მშობლიურ ქალაქ მერკატო ვეკიოში საათობით დავსდევდი ბურთს. თამაშები უსასრულოდ გრძელდებოდა. ვთამაშობდით ფეხბურთს, კალათბურთს, ფრენბურთს. როგორც ფეხბურთელი თავიდან შემტევი ნახევარმცველი ვიყავი, მაგრამ ძალიან ბევრი გოლი გამქონდა და ჯანი როსიმ, მწვრთნელმა რომელსაც „ჰოლანდიელს” ვეძახდით (ფეხბურთელობის დროს თამაშობდა „ვენეციაში”, „იუვენტუსში”, „ბარისა” და „სოტომარინაში”) „ვენეციასთან” სერია D-ს შეხვედრაში ცენტრალურ თავდამსხმელად გადამწია. იმ დღეს ყველაფერი კარგად გამომივიდა. 3:0 მოვიგეთ. ჯანი როსი მაღალი პრესინგისა და ზონებში შეჭრის პიონერი გახლდათ.
ბურთის თამაში ბედნიერება იყო
მამაჩემს დარიოსა და ბიძაჩემს პატარა ფეხსაცმელების ფაბრიკა ჰქონდათ. შვიდიდან 18 წლამდე სკოლის მერე იქ დავდიოდი. სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ კი ველოსიპედს მოვახტებოდი და ვარჯიშისკენ მივეშურებოდი.
ინტერმა ამიყვანა
თავდაპირველად „მილანმა” შემამჩნია, მაგრამ 13 წლისა ჯუჯა ვიყავი და ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ტანი 16 წლისამ ავიყარე. მახსოვს, მილანელოში გასასინჯად რომ ჩამიყვანეს, ჯანი რივერა ვერ ვნახე. ის ნაკრებში იყო გამოძახებული. ძალიან დამწყდა გული. მერე მილანელებმა დასამშვიდებლად ავტოგრაფიანი ფოტო გამომიგზავნეს.
17 წლისა რომ გავხდი, „ვარეზემ” გამსინჯა. ეს „ალესანდრიასთან” შეხვედრაში მოხდა, მაგრამ იმ დღეს „ვარეზემ” ნახევარმცველად მათამაშა. მაშინ მე თვითონაც არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული რა მეხერხებოდა. და სწორედ ამ პერიოდში ამიყვანეს „კომომ” და „ინტერმა” ერთად — ისინი ჩემი თანამფლობელები გახდნენ. „კომო” „მონტებელუნას” სატრანსფერო თანხას სრულად ვერ უხდიდა და მილანელების დახმარება დასჭირდა. ამასობაში კი „ინტერის” პრიმავერა (ყმაწვილთა გუნდი) ესპანეთს ოდოაკრე კიერიკოს გარეშე გაემგზავრა და თავდამსხმელი სჭირდებოდა. ასე ამოვყავი თავი „ინტერში”.
მსოფლიოს ჩემპიონატზე გაცუდებული პენალტი
მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში, არგენტინის ნაკრებთან პენალტი ვერ გავიტანე. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა, პირადი პრობლემებიც კი მქონდა. არადა, პენალტი მე არ უნდა დამერტყა, ამიტომ ჩემთვის მშვიდად ვიჯექი. უცებ მწვრთნელის აძელიო ვიჩინის მზერა ვიგრძენი. ის მოვიდა და მითხრა, რომ მხოლოდ სამი დამრტყმელი იშოვა. რა მექნა, დავთანხმდი, დავარტყამ, მეთქი, მაგრამ ფეხები ძელებივით მქონდა გამაგრებული. თითქოს წონასწორობის დაცვა მიჭირდა. მეკარე უზარმარი ჩანდა, კარი კი პატარა. დავარტყი და… მეგონა, რომ გავიტანე, მაგრამ მერე ტელევიზორში ვნახე როგორ მამშვიდებდნენ თანაგუნდელები. ორი დღე სრულ წყვდიადში ვიყავი. მეხსიერება რამდენიმე დღის მერე, ბარიში, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დამიბრუნდა.