ჰარი კეინის სამი შვილი საავადმყოფოში გააქანეს — გერმანიაში მომხდარი ავარია, რომელშიც სამი ავტომობილი მოყვა, ინგლისელი თავდამსხმელის ოჯახსაც შეეხო. იმ დღეს კეინი და მისი გუნდი „ბაიერნი” ლონდონში ჩაფრინდნენ, სადაც მეორე დღეს „არსენალთან” 2:2 ითამაშეს. ამ შეხვედრაში 30 წლის კეინმა გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ავარიას, როგორც „ბილდი” იუწყება, ის „რენოს” 20 წლის მძღოლმა გამოიწვია, რომელიც გზიდან მარცხნივ გადახვევას, საპირისპირო მოძრაობის ზოლის გადაკვეთას და ავტობანზე გასვლას ცდილობდა, რა დროსაც შემხვედრი მიმართულებით მოძრავ „მერსედეს ვიტოს” დაეჯახა. „მერსედესში” ისხდნენ კეინის შვილები, სამი წლის ლუისი, ხუთი წლის ვივიენი და შვიდი წლის აივი. საბედნიეროდ, ბავშვებს არაფერი დაშავებიათ.
ფეხბურთელის მეუღლე კეტი და უმცროსი შვილი, შვიდი თვის ჰენრი მანქანაში არ ისხდნენ. როგორც წერენ ლუისი, ვივიენი და აივი მათ რაიონში მცხოვრებ 24 წლის ქალს მიჰყავდა. აღსანიშნავია, რომ სამი წლის ბავშვი იჯდა „რენოშიც”. „რენოთი” მგზავრობდა კიდევ ორი, 43 და 48 წლის მოქალაქე.
ავარიაში მოყვა მესამე ავტომობილიც — „ლენდ როვერი”, რომელსაც 62 წლის ქალი მართავდა. სულ ავტოსაგზაო შემთხვევამ რვა ადამიანი მოიცვა. საქმეში მყისიერად ჩაერთნენ სხვადასხვა სამსახურები: სასწრაფო დახმარების მანქანები, ვერტმფრენი და სხვა. საბედნიეროდ, ყველაზე მატად დაშავებულ მოქალაქესაც კი მსუბუქი ტრავმა აღმოაჩნდა.
ჰარი კეინი ოჯახითურთ გერმანიაში 2023 წლის აგვისტოში გადასახლდა. იგი „ტოტენჰემ ჰოთსფურიდან” „ბაიერნში” გადავიდა. ტრანსფერის ღირებულება იყო 104 მილიონი გირვანქა.
კეინები დაბინავდნენ 30 მილიონად ღირებულ სახლში, რომელშიც სხვადასხვა დროს ბავარიელი ვარსკვლავები მეჰმეთ შოლი და ლუკას ერნანდესი ცხოვრობდნენ. რაიონს, სადაც ეს სახლი მდებარებოს ბავარიის ბევერლი ჰილზს უწოდებენ.
ჰარი და კეტი სკოლისდროინდელი შეყვარებულები არიან. ჰარიმ კეტის ხელი 2017 წელს ბაჰამის კუნძულებზე სთხოვა. წყვილმა 2019 წელს იქორწინა.