პეპ გვარდიოლას აქვს ნათქვამი, „ატალანტასთან” თამაში კბილის ექიმთან მისვლას ჰგავსო. ეს რომ მართლა ასეა, ახლა უკვე იურგენ კლოპმაც იცის, რომელიც „ლივერპულთან” დიდ გამომშვიდობებას 22 მაისს დუბლინის „ავივა სთედიუმზე”, ევროლიგის ფინალში გეგმავდა, მაგრამ იცნებას დიდი ჩრდილი მიადგა — ბერგამოელებმა მერსისაიდელებს ლეგენდარულ „ენფილდ როუდზე” მეოთხედფინალის პირველ მატჩში 3:0 მოუგეს.
არადა, როგორც ინგლისური პრესა წერს, „ლივერპულის” ფანები ირლანდიის დედაქალაქში უკვე ჯავშნიდნენ სასტუმროებს. ახლა ყველაფერი მომდევნო ხუთშაბათს, იტალიაში გადაწყდება, თუმცა სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ჯან პიერო გასპერინის კერკეტ კაკალ გუნდთან ძალიან ძნელი იქნება.
ინგლისელთათვის ყველაზე დიდი სიურპრიზი „ატალანტას” თავდამსხმელი ჯანლუკა სკამაკა გამოდგა, რომელმაც „წითლების” კარში ორი გოლი გაიტანა. არადა, 25 წლის ფეხბურთელი შარშან პრემიერლიგაში ჰყავდათ, „ვესტ ჰემში” თამაშობდა, ოღონდ ლოდნონში ვერ ივარგა და ეტყობა ვერ წარმოიდგინეს, რომ ამ საღამოს იფრენდა.
ძნელი სათქმელია შეხვედრის შედეგზე რამდენად იმოქმედა იმ გარემოებამ, რომ ბილეთების ორი პროცენტით გაძვირებასთან დაკავშირებული პროტესტის გამო „ენფილდზე” ტრადიციულად არ ფრიალებდა მასპინძელი გულშემატკივრის დროშები. სხვათა შორის, სქაუსერ გულშემატკივარს წინა ჯერზეც პრობლემა ჰქონდა. ბერგამოს გუნდი მერსისაიდელებს 2020 წლის ნოემბერში, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაშიც ეწვია და კოვიდ-რეგულაციების გამო ტრიბუნაზე არავინ იჯდა. მაშინაც იტალიელებმა მოიგეს – 2:0, თუმცა ახლანდელი „ლივერპული” ოთხი წლის წინანდელზე გაცილებით ძლიერი გუნდია და მისგან 0:3 დამარცხება გასაკვირი იყო.