ქართველმა 18-წლამდელებმა იტალიაში გამართულ სარაგბო ფესტივალზე მესამე მატჩი ინგლისელი თანატოლების წინააღმდეგ გამართეს და მოსაგები თამაში ბოლო წუთებზე 19:26 დათმეს.
მარცხიცაა და მარცხიც. ეს თამაში აშკარად არ იყო დასათმობი, უფრო მოსაგები იყო, მაგრამ ამ დონეზე თამაშის გამოუცდელობამ, სოლიდური უპირატესობის ვერგამოყენებამ, დასანანმა შეცდომებმა და რეფერის ძალიან საკამათო გადაწყვეტილებებმა ჭაბუკ ბორჯღალოსნებს მორიგი სენსაციის შექმნაში ხელი შეუშალეს.
ქართველები ფაქტობრივად მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, დროის უმეტესი ნაწილი მეტოქის 22-ში გაატარეს, ლელოს გატანის ინგლისელებზე მეტი შანსი ჰქონდათ, და ზოგადად, ანგარიშშიც ბევრად წინ უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხელსაყრელი პოზიციიდან კარში დარტყმას ლელოზე თამაში ამჯობინეს, გარდასახვებიც გააცუდეს და ბოლოს, როცა ანგარიში საყაიმო – 19:19 იყო, საბედისწერო შეცდომა დაუშვეს. შეტევაში მყოფმა ზურაბ ამონაშვილის შეგირდებმა ბორჯღალოსნებმა ბურთი დაკარგეს და ინგლისელებმა სწრაფი კონტრშეტევით საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. მართალია, ზურაბ ამონაშვილის ბიჭებმა დარჩენილ დროში მოიკრიბეს ძალები და ჯიქურ შეუტიეს, მაგრამ მსაჯის მორიგმა უცნაურმა გადაწყვეტილებამ ინგლისელები სამშვიდობოს გაიყვანა.
თუმცა, ასეა თუ ისე, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ საქართველოს 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები უკვე დღესაა 6 ერის ბობოლათა ტოლ-სწორი. მინიმუმ ასეა და შესაძლოა, მათზე უკეთესი ჭაბუკებიც გვყავდეს. ესეც კიდევ ერთი არგუმენტი ქართული რაგბის მეორე დონის ჭაობიდან ამოსასვლელად…