გაგრძელება (დასაწყისი იხილეთ ლინკზე https://www.sarbieli.com/2024/04/05/%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9c%e1%83%98/
… პრეზიდენტის ლოჟაში ვზივარ ედუარდ შევარდნაძესთან ერთად, რომელიც ისე იყო გაცეცხლებული, რომ საჩხუბრად პირველი ვინც დაიჭირა, სპორტის მინისტრის მოადგილე ჩემი ახლობელი ოლიმპიური ჩემპიონი დავით გობეჯიშვილი იყო, მინისტრს ჩემს უახლოეს მეგობარს, ირაკლი მეძმარიაშვილს კი რომელიც კოლეგის, რუსეთის სპორტის მინისტრის ლეგენდარული ვიაჩესლავ ფეტისოვის მასპინძლობით იყო დაკავებული, სიბნელეში ვერსად მივაგენით. აღარაფერი, რომ არ ვთქვათ აკაკი ჩხაიძეზე, რომელიც სათადარიგოდ გამზადებული გენერატორის ჩასართავად გაიქცა და იმ დღეს შევარდნაძეს საერთოდ აღარ უნახავს. მე, კი ვიჯექი ჩემს კოლეგა კოლოსკოვთან ერთად და მინდოდა შუქი იმ დღეს კი არა, თუნდაც ორი დღე საერთოდ არ მოსულიყო.
თამაში ჩაიშალა. აეროპორტში ვაცილებ კოლოსკოვს და კარგად ვიცი, თუ ის ამ პროცესებში ჩაერევა, განმეორებითი თამაში აღარ შედგება და ჩვენ წაგებას ჩაგვითვლიან, საუკეთესო შემთხვევაში კი შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება.
არასდროს დამავიწყდება მისი ღირსეული საქციელი როდესაც მითხრა რომ, მისი აზრით ყველაფერი საფეხბურთო მინდორზე უნდა გადაწყვეტილიყო და ჩემს შესაძლებლობებზე მიმანიშნა (ანუ საუბარი იყო UEFA-ს წარმომადგენლებთან ჩემი ურთიერთობების შესახებ). შემპირდა, რომ UEFA-ზე სადაც ის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა, არანაირ ზეწოლას არ განახორციელებდა.
საქმეს მეორე დღიდანვე შევუდექი. ძალიან შრომატევადი სამუშაო იყო ჩასატარებელი, საბოლოო გადაწყვეტილება კი სპეციალურ კომიტეტს უნდა მიეღო, რომელიც სამი კაცისგან შედგებოდა მე. მხოლოდ ქვეყნებს ჩამოგითვლით, რომლებსაც კომიტეტის წევრები წარმოადგენდნენ: ბულგარეთი, შოტლანდია, საფრანგეთი.
პირველივე წარმატებას კომიტეტის პირველივე სხდომაზე მივაღწიე (გვეშინოდა, რომ თამაში ნეიტრალურ მოედანზე გაიმართებოდა). გადაწყდა, რომ მატჩი თბილისში, მაგრამ მაყურებლის გარეშე ჩატარდებოდა. სასწრაფოდ გავასაჩივრე კომიტეტში, სადაც საფრანგეთისა და ბულგარეთის წარმომადგენლები ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ, მაგრამ გადაწყვეტილების მისაღებად სამივეს თანხმობა იყო საჭირო. შოტლანდიელი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა. კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით გამოსვლის უფლება მქონდა და დაახლოებით იმ მდგომარეობაში ვიყავი, როდესაც დასახვრეტად მიმავალს ბოლო სიტყვის უფლებას აძლევენ.
დღევანდელი გადასახედიდან, მართლაც, იდეალური აზრი მომსვლია თავში: შოტლანდიელს ძალიან სერიოზული არგუმენტით მივმართე და თან მის პირად ემოციურ ფაქტორზეც ვითამაშე (ისიც ჩემსავით ყოფილი ფეხბურთელი იყო), მას ვკითხე – როგორი იქნებოდა მისთვის ჩემს ადგილზე ყოფნა, ოღონდ შოტლანდიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რანგში და მოვუწოდე, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო რათა წარმოედგინა თავი შოტლანდიელი გულშემატკივრის ადგილზე „ჰემპდენ პარკზე“ ინგლისის წინააღმდეგ თამაშზე მაყურებლის არდაშვების შემთხვევაზე. ჩემი გამოსვლის შემდეგ უნდა გენახათ ჩემი შოტლანდიელი
კოლეგა (მგონი, გაახსენდა მელ გიბსონის ბრწყინვალედ შესრულებული უოლესის როლი ფილმიდან „მამაცი გული“). მან თავადვე მოუწოდა კომიტეტის წევრებს, დადებითად გადაეწყვიტათ ჩემი პროტესტი, საფრანგეთისა და ბულგარეთის წარმომადგენლები კი სხდომის დაწყებამდეც ჩემი მხარდამჭერები იყვნენ. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული.
მინდვრის გარეთ წარმატება უკვე მიღწეული იყო. საქართველოში ამ გადაწყვეტილებას ენით აღუწერელი აჟიოტაჟი მოჰყვა.
თამაში ბევრად უფრო ძლიერი შემადგენლობით კვლავ „მიხეილ მესხზე“ გაიმართა. კონტროლი და ორგანიზაცია იმდენად მაღალ დონეზე იყო, რომ ყველანაირი ინციდენტი გამორიცხული იყო.
ძნელია იმ წუთებისა და ემოციის აღწერა, რაც გადაჭედილ სტადიონზე ხდებოდა, როდესაც მიხეილ აშვეთიამ ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა, რათა ის დემეტრაძეს მისვლოდა. გიორგიმ ჩვეულ სტილში მოხდენილად აუარა გვერდი მარცხენა დამცველს და იდეალურად ჩააწოდა იმ შეხვედრის გმირს – მალხაზ ასათიანს, რომელმაც თავური დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა. რა ხდებოდა მატჩის შემდგომ ქალაქში, სიტყვებით ძნელად გადმოსაცემია. მახსოვს, რესტორანში სააკაშვილმა მომაკითხა, მთხოვა, მე და კალაძე წავყოლოდით თავისუფლების მოედანზე, რომელიც ხალხით იყო სავსე და საკრებულოს შენობის აივანზე მასთან ერთად გამოვჩენილიყავით. ეს ხომ ნაციონალური მოძრაობისთვის იმ ვითარებაში საუკეთესო პიარი იქნებოდა. თუმცა მე ჩემს სტუმრებს ვერ მივატოვებდი, რადგან მათ ერთ საათში ჩარტერული რეისით თბილისი უნდა დაეტოვებინათ.
მანამდე კი ვივახშმე ჩემს დამწუხრებულ მეგობრებთან – ვიაჩესლავ კოლოსკოვსა და ვალერი გაზაევთან ერთად, რომელმაც სამწუხაროდ ამ თამაშის შემდეგ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ენით აღუწერელი სიხარულის მიუხედავად, ვახერხებ ემოციების მოთოკვას. გარეთ ქალაქში კი 1981 წლის 13 მაისის შემდეგ ათასობით ადამიანი საზეიმოდ პირველად არის გამოსული, მთავრობის თუ ოპოზიციის მხარდამჭერი – ყველა ერთად ზეიმობს და ეს არის მისი უდიდებულესობა ფეხბურთის ძალა. იმ დღეს საქართველო ერთიანია და კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდია აქ ჩვენი, საფეხბურთო სამყაროს წვლილი.
სულ რაღაც ერთ საათში რუსეთის დელეგაციამ უნდა დატოვოს საქართველო, ვდგებით და დღესაც კი ჩემი მეგობარი ვალერი გაზაევი კიდევ ერთხელ ღირსეულად მილოცავს რა გამარჯვებას, მთხოვს მასთან საუბრისას ნურასდროს შევეხები შუქის ჩაქრობის თემას და არასდროს დავიწყო თავის მართლება, რომ ამ მოვლენებში ბრალი არ მიმიძღვის. მე იმ დღეს არც მასთან და არც მას შემდეგ ჩემს უახლოეს ადამიანებთანაც კი ამ თემაზე არ მისაუბრია. მგონია, რომ ხშირად ფეხბურთში ბევრი ისეთი რამ ხდება, როდესაც საქმეში ერთვება (თქვენ რაც გინდათ ის დაარქვით) საფეხბურთო იღბალი, ფორტუნა ან თუნდაც ფეხბურთის ღმერთი და გავლენას ახდენს ამა თუ იმ შეხვედრის ბედზე. სწორედ ეს იყო იმ დღეს, როდესაც ერთმანეთის პირისპირ საქართველოსა და რუსეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდები იდგნენ ეჭვი არ მეპარება, რომ იქ ზეცაში მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს გამარჯვება უნდა ეზეიმა.
იმდენი რამ დაემთხვა ერთმანეთს, რომ ზეციური ძალის დახმარების გარეშე, როგორც იტყვიან, ეს ყველაფერი ვერ „დაჯდებოდა“.
1) თამაშის დროს შუქის ჩაქრობა (გენერატორის გადაწვა) და თან მაშინ, როდესაც ანგარიში 0:0 იყო.
2) UEFA-ში გამართული კომიტეტის სხდომა – გადაწყვეტილება თამაშის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარების თაობაზე. ამ გადაწყვეტილების შეცვლა და თანხმობა მაყურებლის გარეშე მატჩის თბილისში ჩატარებაზე.
3) UEFA-ში შეტანილი აპელაცია და სანაცვლოდ სხდომის გადაწყვეტილება შეხვედრაზე მაყურებლის დასწრების თაობაზე.
4) დაბოლოს, დემეტრაძის გარღვევა მარჯვენა ფლანგზე, და მალხაზ ასათიანის თავური -1:0 და საბოლოოდ მოპოვებული ნანატრი გამარჯვება. და საერთოდაც, იმდღევანდელი თამაშის ყველა მონაწილის …. სამკვდრო-სასიცოცხლო თავდადება. სწორედ ისეთივე თავგანწირული, როგორიც მაშინ, 1989 წლის 15 მაისს, ლანჩხუთში…