პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს მეშვიდე ლიცენზიანტი ჰყავს. ბაქოში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე რობერტ კობლიაშვილი (97კგ.) ფინალში გავიდა და საფრანგეთის დედაქალაქში ჭიდაობის უფლება მიიღო.
ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა და მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოსანმა მერვედფინალში იტალიის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ კახელაშვილს 4:1 მოუგო, მეოთხედფინალში ნორვეგიელი ფელიქს ბალდოფს ბოლო წამზე გდებით 3:1 აჯობა, ნახევარფინალში კი, გერმანელი ლუკას ლაზოგიანი 2:1 დაამარცხა და პარიზის საგზური დაიბევა.
კობლიაშვილი ჯერჯერობით ერთადერთია, ვინაც ბერძენ-რომაელთაგან ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა. სხვებს შანსი კიდევ ერთხელ ექნებათ – 9-12 მაისს დასკვნითი სალიცენზიო ტურნირი გაიმართება და თითო წონაში 3 ლიცენზია გაიცემა. შეგახსენეთ ჩვენს სხვა ლიცენზიანტებს: ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), ლაშა გურული (კრივი), გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი (ორივე თავისუფალი ჭიდაობა), ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა).