Kvaratskhelia, 130 million would make De Laurentiis falter (Repubblica)ნეაპოლური გაზეთი „რეპუბლიკა” წერს, რომ მართალია „ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვა არ უნდა და ვიქტორ ოსიმენთან განშორების შემდეგ ახალი გუნდის ქვაკუთხედად სწორედ ქართველს მოიაზრებს, მაგრამ 130 მილიონი ევრო მაცთუნებელი თანხაა, რომელსაც ის ვერ გაუძლებს.

სადღეისო მდგომარეობა ყველასთვის კარგად არის ცნობილი: კვარაცხელიას „ნაპოლისთან” 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი. ის წელიწადში 1,5 მილიონ ევროს იღებს და ასეთ მცირე ჯამაგირზე თამაშს აღარ აპირებს. ბოლოს და ბოლოს ის გასულ სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ამ რანგის მოთამაშისთვის კი წელიწადში მილიონნახევარი ძალიან ცოტაა. „ნაპოლი” კვარაცხელიას ხელფასის გაზრდას 4,5 მილიონ ევრომდე აპირებს, მაგრამ სურს კონტრაქტის ხანგრძლივობის ვადა 2028 ან 2029 წლამდე გაზარდოს და ხელშეკრულებაში დიდი გამოსასყიდი თანხაც ჩაწეროს.

ამავდროულად ცნობილი გახდა, რომ ქართველის გადაბირება „ბარსელონას” უნდა. კატალონიური კლუბი, რომელსაც „ნაპოლის” კიდევ ერთი ფეხბურთელი სტანისლავ ლობოტკა მოსწონს, როგორც ამბობენ კვარაცხელიას აგენტებს უკვე დაუკავშირდა, თუმცა „პარტენოპეელები” 130 მილიონ ევროს ითხოვენ. არის ესპანურ კლუბი ასეთი დიდი თანხის გადამხდელი? თუ არის, მაშინ დე ლაურენტისმა შესაძლოა ყველა მოსაზრებასა და პრინციპზე უარი თქვას და ცთუნებას უბრალოდ ვერ გაუძლოს.

თუმცა, 130 მილიონი ძალიან დიდი ფასია, რომელიც მყიდველებს სავარაუდოდ დააფრთხობს, ხოლო „ნაპოლის” ფეხბურთელთან ხელშეკრულების განახლების შესაძლებლობას მისცემს. მაგრამ არის კი თავად ხვიჩა „ნაპოლისთან” თანამშრომელობის განახლების მოსურნე? ნეაპოლში სწამთ, რომ არის, მითუფრო, რომ მომავალი სეზონიდან ის გუნდის უპირობო და ერთადერთი ლიდერი გახდება. იტალიურ მედიაში გაიხსენეს ფეხბურთელის მამის ბადრის ნათქვამიც, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას გარემოცვა კი არა, თავად გარემარბი მიიღებს.

და მაინც, „ბარსელონას” გააქტიურებამ ნეაპოლელები გვარიანად დაძაბა.