საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია ავტობიოგრაფიულ წიგნს წერს… ვისვის და, აი მას, მართლაც ძალიან ბევრი აქვს მოსათხრობ-გასახსენებელი.

მერაბ ჟორდანია ქართული ფეხბურთის პირველი პირი 1998-2005 წლამდე გახლდათ. 2002 წლის 12 ოქტომბერს კი თბილისში, „მიხეილ მესხზე“ ისეთი ამბები დატრიალდა, რაზეც აქამდე არავინ არაფერს ამბობდა, საქმე ბურუსით იყო მოცული (მატჩი გადათამაშდა 2003 წლის 30 აპრილს. საქართველო – რუსეთი 1:0). რამდენიმე თვის წინ დუმილი ისევ მერაბ ჟორდანიამ დაარღვია და „სარბიელის პოდკასტში“ საუბრისას ისეთი ფაქტები გაიხსენა, რასაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა… თუმც, ტელეკამერა სხვაა, ქაღალდი – სხვა… გადაცემის შემდეგ მერაბ ჟორდანიამ კალამი მოიმარჯვა და წერას შეუდგა. 2002 წლის 12 ოქტომბრის საღამოს, „მიხეილ მესხის“ მოედანზე ერთმანეთის პირისპირ ქართველები და რუსები იდგნენ. 

ცხადია, ავტორის ნებართვით, გთავაზობთ ავტობიოგრაფიული წიგნის ერთ თავს, რომელიც სწორედ იმ რეზონანსულ მატჩს ეხება. მერაბ ჟორდანია იხსენებს, რომ: 

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.„მე, მინდა გავიხსენო და გიამბოთ ორი მატჩის შესახებ, რომლებსაც ჩემი აზრით განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. სამწუხაროა, რომ ამ თამაშების პერიპეტიებზე არავის არასოდეს უსაუბრია, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ შეხვედრების შესახებ არა მხოლოდ ფეხბურთის ქომაგმა არამედ სრულიად საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს.

პირადად მე, ამ ორივე მატჩთან უშუალო შეხება მქონდა, მათგან პირველში მოქმედი ფეხბურთელი ვიყავი – ეს იყო ლანჩხუთის „გურიასა“ და მოსკოვის ცსკა-ს დაპირისპირება, მეორე კი იყო საქართველოსა და რუსეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდების თამაში – მაშინ კი მე უკვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლდით.

მეორე მატჩი 2003 წლის 30 აპრილს, პოლიტიკურად ასევე ძალზე დაძაბულ დროს შედგა, მაშინ, როდესაც საქართველოს დიდი ხნის წინ ჰქონდა მოპოვებული დამოუკიდებლობა, მე კი ფეხბურთისთვის ასევე დიდი ხნის წინ მქონდა დანებებული თავი. თუმცა ისე, როგორც ჩემი გვარის წარმომადგენელს ევალებოდა (უკვე ჩემი გვარის მესამე თაობას წარმოვადგენდი ანდრო ჟორდანიასა და მამაჩემის – ლევან ჟორდანიას შემდეგ, რომელიც ქართული ფეხბურთის სამსახურში ვიყავი), ისევ ფეხბურთში, ქართულ ფეხბურთში ვმოღვაწეობდი და უკვე მეორე ვადით ვიყავი არჩეული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად. ჩემი შვილი ლევან ჟორდანია კი ჩვენი გვარის უკვე მეოთხე თაობის წარმომადგენელია, ვინც ქართულ ფეხბურთს ემსახურება. არ მგონია, მსოფლიოში კიდევ ბევრი ასეთი პრეცედენტი არსებობდეს.

დავრჩი რა ქართული ფეხბურთის სამსახურში და ვიკავებდი ჩემი მშობლიური გუნდის – თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტის პოსტს (1992-2001 წლებში), 9 წლის განმავლობაში საქართველოში გამართული 27 საფეხბურთო ტურნირიდან (საქართველოს ჩემპიონატი, საქართველოს თასი და საქართველოს სუპერთასი) 26-ში გავიმარჯვეთ, დავთმეთ მხოლოდ სუპერთასის ერთი ფინალი ბათუმის „დინამოსთან“ რომელსაც ჩემი მეგობარი, შესანიშნავი პიროვნება და მწვრთნელი – შოთა ჭეიშვილი ხელმძღვანელობდა.

ნოდარ ახალკაცის უეცარი გარდაცვალების შემდეგ მე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ამირჩიეს, როდესაც უკვე მეორე ვადით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ვხელმძღვანელობდი (გადავდექი რა თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტის პოსტიდან რადგან ვთვლიდი, რომ არსებობდა ინტერესთა კონფლიქტი) მოხდა ისე, რომ შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში რუსეთის ნაკრებთან ერთად აღმოვჩნდით.

იმ დროს საქართველოში პოლიტიკური ვითარება საკმაოდ დაძაბული იყო, ახლოვდებოდა ვარდების რევოლუცია, ხალხი მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით (როგორც გახსოვთ პრეზიდენტი იმ დროს ედუარდ შევარდნაძე იყო), ქუჩებში ყოველ დღე აწყობდა მიტინგებს, ხოლო ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის უკიდურესად დაძაბული იყო, შეიძლება ითქვას ეს დაძაბულობა პიკსაც კი აღწევდა. უფრო მართებული იქნება ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ფაქტობრივად გაწყვეტილი იყო.

და აი, ამ ფონზე მიუხედავად ჩემი და რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის იდეალური ურთიერთობისა, თამაშის მოახლოებასთან ერთად, პირველ ყოვლისა, ჩვენი „ჭკვიანი პოლიტიკოსების“ (ედუარდ შევარდნაძე არ მყავს მხედველობაში) დამსახურებით, დაძაბულობამ პიკს მიაღწია.

ჩემმა მცდელობამ ეს ფონი ოდნავ მაინც ჩამეცხრო, შედეგი ვერ გამოიღო. სააკაშვილი დაქროდა ახლად შექმნილი დროშით (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დროშა მართლაც კარგი გამოუვიდა) და ყოველ წუთს მიკავშირდებოდა და მეხვეწებოდა ახლად შექმნილი დროშებით სტადიონზე შეშვებას, აქეთ კი უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელები (დაკარგული ჰქონდათ რა ყველაფერზე კონტროლი) მთხოვდნენ, რომ სააკაშვილი ამ დროშებით სტადიონზე არ შემეშვა.

აი, ასეთი საგიჟეთი იყო იმდროინდელ საქართველოში და თითქოს ჩემი საქმე არ მყოფნიდა, მეც და ფეხბურთელებსაც ორივე მხარე თავისკენ გვექაჩებოდა.

ჩვენთვის ისე, როგორც 1989 წლის იმ შორეულ წარსულში როდესაც ლანჩხუთის „გურიას“ თამაში გავიხსენე, მთავარი როგორც ყოველთვის ხალხი და ჩვენი ნამდვილი გულშემატკივარი იყო.

ვიხსენებ ჩემს ურთიერთობას ვიაჩესლავ კოლოსკოვთან, რომელთანაც მაშინ უკვე 18-20 წლის მეგობრობა მაკავშირებდა და ეს მეგობრობა დღემდე გრძელდება.

გადაჭარბებული არ იქნება თუკი ვიტყვი, რომ ეს მატჩი საქართველოს საფეხბურთო და არამარტო საფეხბურთო საზოგადოებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, შეიძლება ითქვას განუმეორებელ სიხარულთან არის დაკავშირებული და ჩემი პრეზიდენტობის დროს ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სამახსოვრო გამარჯვება.

დღეს დიდი დროა გასული და ამ საკითხზე წყნარად და ემოციების გარეშე შეიძლება საუბარი. აკი გითხარით, რუსეთის ფეხბურთის ფედერაციას ჩემი უფროსი მეგობარი და UEFA-ში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნება – ვიაჩესლავ კოლოსკოვი ხელმძღვანელობდა, ხოლო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ასევე ჩემი ძალიან ახლო მეგობარი (რომელთან ერთადაც 1984-85 წლებში თბილისის „დინამოში“ ვთამაშობდი) ვალერი გაზაევი გახლდათ.

და აი, იმ დროს, როდესაც ამ ისტორიული თამაშისთვის ვემზადებოდით (ზუსტად არ მახსოვს, რამდენი, მაგრამ ვიცი, რომ ძირითადი შემადგენლობის ძალიან ბევრი ფეხბურთელი სხვადასხვა მიზეზის გამო ამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ იღებდა) შანსები ძალიან მცირე გვქონდა.

მატჩი მიხეილ მესხზე (ლოკომოტივის სტადიონზე) ტარდებოდა, აკაკი ჩხაიძეს რკინიგზის დეპარტამენტის შეფს რომელმაც ეს არენა ააშენა ჩემს მოადგილებთან – გენერალურ მდივან ვალერი ჩოლარიასთან და ვიცე-პრეზიდენტ რომან შოთაძესთან ერთად ყველა დეტალი გათვლილი ჰქონდა, რათა შეხვედრა უმაღლესი სტანდარტებით ჩაგვეტარებინა.  იმ დღეს რუსეთს – მირონოვის ხელმღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია წარმოადგენდა, ხოლო ქართულ მხარეს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით- მთავრობის სრული შემადგენლობა.

აჟიოტაჟი იმდენად დიდი იყო, რომ ბილეთის შოვნა შეუძლებელი გახლდათ.

ჩაბნელებული მოედანი საქართველო - რუსეთის მატჩზე | Facebookვაანალიზებდი რა შემადგენლობას მიმაჩნდა, რომ შანსები ძალიან ცოტა გვქონდა, რადგან ბევრი ფეხბურთელი ტრავმირებული იყო. განსაკუთრებით კი ის მაფიქრებდა, რომ ჩვენი იმ პერიოდის და არამარტო იმ პერიოდის საუკეთესო ფეხბურთელები – გიორგი ქინქლაძე და შოთა არველაძე ტრავმირებულნი იყვნენ. მე კი დღესაც იმავეს ვფიქრობ, რასაც მაშინ ვფიქრობდი-როდესაც შენს განკარგულებაში ისეთი ფეხბურთელები არიან, როგორებიც იყვნენ მაშინ გიორგი და შოთი, ხვიჩა კი – დღეს, ყოველთვის შეგიძლია და უფლებაც კი არ გაქვს, მსოფლიოს ნებისმიერ ნაკრებთანაც კი არ იფიქრო გამარჯვებაზე. ჩემი ვარაუდით, თამაშის გადადების შემთხვევაში მომდევნო მატჩისთვის ორივე ფეხბურთელი უკვე მზად იქნებოდა.

ჩემი ნატვრაც ეს იყო, მომხდარიყო ის რაც შემდგომ მოხდა – თამაში გადადებულიყო, შემდეგ კი უკვე ჩვენს მხარეზე იყო დამოკიდებული, რას მოვახერხებდით UEFA-ში, რომლისგანაც სანქციები არ აგვცდებოდა და თანაც ისიც უნდა გაგვეთვალისწინებინა, რომ მეორე მხარეს ანუ რუსეთს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიაჩესლავ კოლოსკოვი წარმოადგენდა, რომელიც UEFA -ს ვიცე-პრეზიდენტი იყო და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ამ ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით არ დამავიწყდება მისი მოქმედება. მოხდა ის, რაც იმ ვითარებაში ჩვენთვის საუკეთესო იყო. სტადიონზე შუქი გაითიშა და, UEFA-ს წესდებიდან გამომდინარე, მასპინძელს შუქის აღსადგენად 30-45 წუთი ეძლეოდა…“

(გაგრძელება იხილეთ კვირას, 7 აპრილს)