საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა იტალიაში მიმდინარე 6 ერის ფესტივალზე ნამდვილი ფურორი მოახდინა – 30 მარტს, შოტლანდიელი თანატოლებისგან და აბსოლუტურად მიკერძოებული რეფერისგან განცდილი დასანანი მარცხის (14:22) შემდეგ ნორჩმა ბორჯღალოსნებმა ოთხშაბათს პარმაში ბეჭებზე თვით საფრანგეთის U18 დასცეს, რომელიც ამ ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი მოწინავე გუნდია. ზურაბ ამონაშვილის მიერ მომზადებულმა 18-წლამდელმა ქართველებმა საფრანგეთს პარმაში არაფერი დაუთმეს, იბრძოლეს, იომეს და საოცარი შედეგიც დადეს – 20:19 დაამარცხეს გუნდი, რომელმაც თავის პირველ მატჩში ირლანდიელ თანატოლებს 50:7 მოუგო!
ეს გამარჯვება ნამდვილად ეპოქალურია ჩვენი რაგბისთვის და მის მნიშვნელობას საერთოდ არ ამცირებს ის ფაქტი, რომ ეს ამბავი არაოფიციალურ ტურნირზე, ე.წ. ფესტივალზე მოხდა. საქართველოს ამ ასაკობრივ ნაკრებს სხვა გასაქანი არც აქვს. მოგეხსენებათ, თავის დროზე 6 ერის გუნდები 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობდნენ, რომელშიც ასვლა-ჩასვლის სისტემა მოქმედებდა. ჰოდა, ელიტაში ასულმა ქართველებმა ისეთი ამბები დაატრიალეს ბობოლა ქვეყნების ჭაბუკებთან მატჩებში, რომ ამ ქვეყნების სარაგბო მამებმა ერთი მეორის მიყოლებით გაიყვანეს თავ-თავიანთი გუნდები აღნიშნული ტურნირიდან. აკი წუწუნებდნენ კიდეც – ჩვენ და ქართველები ამ ასაკში გენეტიკურად ძლიერ განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ისინი გაცილებით ადრე მწიფდებიან და მათთან მარცხი ჩვენი ბიჭების მენტალურ განვითარებას არაფერში წაადგებაო. აი, ასე, გავიდნენ და მხოლოდ საფრანგეთი დარჩა.
ტურნირის ფინალშიც ტრადიციულად საფრანგეთისა და საქართველოს 18-წლამდელები გადიოდნენ და როგორც წესი, ფრანგები ხდებოდნენ ჩემპიონები. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს პირიქით მოხდა, ჩვენმა ბავშვებმა იმარჯვეს და საფრანგეთიც დანარჩენი 5 ბობოლა ერის გზას გაუყვა – ქართველებთან მაცხი მათაც ეტკინათ. სხვათა შორის, იმ ფორმაციის 18-წლამდელთა ნაწილი უკვე ეროვნულ ნაკრებში იცავს საქართველოს ღირსებას.
თუმცა, დავუბრუნდეთ მთავარ თემას: უკვე წლებია, საქართველოს 18-წლამდელები უკონკურენტოდ არიან, ამარცხებენ რა პორტუგალიას ევროპის ჩემპიონატის ფინალში და ზედიზედ იგებენ ტიტულებს. დიდები 6 ერის კარზე აკაკუნებენ, მაგრამ „მსოფლიო რაგბის“ გადაწყვეტილებით, შანსი 18-წლამდელებს მიეცათ და მათაც, ეს შანსი აგერ უკვე გაანაღდეს კიდეც – გავმეორდებით და ვიტყვით, რომ საფრანგეთს ამ ასაკში მსოფლიოში 1-2 კონკურენტი თუ ჰყავს. და უცებ, კვლავ ეს ქართველები!.. ოვალური ბურთი ჯერაც „მსოფლიო რაგბის“ მოედანზეა.
7 აპრილს საქართველოს U18 კიდევ ერთ მსოფლიო ბობოლას გაეჯიბრება – ინგლისის ნაკრებს, რომელმაც ტურნირის სტარტზე უელსს 36:35 მოუგო.