გასული წლის ზაფხულიდანვე ცხადი იყო, რომ ვიქტორ ოსიმენს რთული სეზონი ელოდაო, წერს პორტალი tuttonapoli და თავის მოსაზრებას იმ აურაცხელი სატრანსფერო ჭორით ამტკიცებს, რომელიც ნიგერიელს იმ პერიოდში აუგორეს. რას აღარ მოისმენდით მაშინ. პრესა აჭრელებული იყო ერთმანეთის გამომრიცხავი მოსაზრებებით. თავად თავდამსხმელის გარემოცვის ხალხი იგონებდა დაუჯერებელ ვარიანტებს და იფიცებოდა, რომ ოსიმენი წარმოუდგენელი თანხის სანაცვლოდ საუდის არაბეთში გადავიდოდა. საბოლოოდ კი „ნაპოლის” 9 ნომერი „მარადონაზე” დარჩა.
აურელიო დე ლაურენტისის რთული ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მტანჯველი პუნქტი სწორედ ოსიმენის განახლებულ კონტრაქტზე მუშაობა გახლდათ. მხარეებს შორის ხელშეკრულება ხან ძალიან ახლოს ჩანდა, ხან კი შორს. ვაჭრობა 23 დეკემბრამდე გაიწელა. საბოლოოდ, ნიგერიელს ხელფასად წელიწადში 10 მილიონი ევრო დაუნიშნეს და ხელშეკრულების ვადად 2025 წელი განუსაზღვრეს. კონტრაქტში ჩაწერეს 113 მილიონი ევროს ტოლფასი გამოსასყიდი თანხაც. სხვა სიტყვებით, ყველა პირობა შექმნეს, რომ თავდამსხმელი 2024 წლის ზაფხულშივე სარფიანად გაეყიდათ.
სეზონის განმავლობაში ოსიმენს ხან ტრავმა ჰქონდა, ხანაც აფრიკის ერთა თასზე იყო და ჯამში წინა სეზონთან შედარებით ვერ ივარგა. ამის დამტკიცება ძალიან მარტივია თუკი მის მიერ პრინციპულ მეტოქეებთან ნაჩვენებ შედეგებს გადავხედავთ: ნიგერიელმა „ინტერს”, „მილანს”, „იუვენტუსს”, „ბოლონიას” და „რომას” გოლი ვერ გაუტანა; პლუს, შინ „იუვესთან” და სტუმრად „ბოლონიასთან” პენალტები ვერ შეაგდო. სამართლიანობისთვის უნდა დავძინოთ, რომ „ბოლონიასა” და „რომასთან” „პარტენოპეელებს” ჯერ კიდევ სათამაშო აქვთ.