დავით ნინიაშვილმა საფრანგეთის მთავარი სარაგბო ლიგის მორიგ ტურში მეშვიდე სეზონური ლელო მიითვალა, ხოლო მეორე ელიტურ დივიზიონში ზედიზედ მეორე ტური ბადრი ალხაზაშვილის ლელოთი აღინიშნა.

ტოპ 14

ამ ლიგაში ლიდერი უცვლელია – „სტად ფრანსემ“ „მონპელიეს“ გასვლით მატჩში უდიდეს ბრძოლაში 12:10 აჯობა და 63 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერობა შეინარჩუნა. ამ გამარჯვებაში ცოტაოდენი წვლილი  გიორგი მელიქიძემაც შეიტანა, რომელმაც გაძევებული თანაამპლუელი შეცვალა და როცა სინბინი ამოიწურა, კვლავ სკამზე აღმოჩნდა. მასპინძელთა სასტარტოში ლაშა მაჭარაშვილი იყო, ხოლო ვანო კარკაძე თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. სანუგეშო ბონუსმა „მონპელიეს“ დიდი შვება ვერ მოუტანა – 38 ქულა და ბოლოსწინა, გასავარდნი პლეი-ოფის ადგილი.

ბექა გიგაშვილის „ტულონმა“ ბასკეთში „ბაიონს“ შავი დღე აყარა – 44:10 მოუგო, ბონუსიც მიიღო და ცხრილში მე-4 ადგილზე აინაცვლა. გიგაშვილმა პირველიდან 59-ე წუთამდე ითამაშა.

ექვსეულში ადგილი „ბორდომაც“ შეინარჩუნა,  რომელიც ლიონიდან უქულოდ დაბრუნდა – 10:27. ლექსო ყაულაშვილმა სტუმართა შორის სრული მეორე ტაიმი ჩაატარა, აი, „ლიონის“ სასტარტოში კი ერთბაშად ორი ჩვენებური იყო: ბექა საღინაძე შესვენებაზე შეცვალეს, თუმცა 50-ეზე დააბრუნეს და 70-ემდე ათამაშეს, ხოლო დავით ნინიაშვილმა შეხვედრა კვლავ შეუცვლელად ჩაატარა და კვლავ ლელო გაიტანა! 80 წუთი ამოწურული იყო, როცა ლიონელებმა ბორდოელები კონტრიერიშზე გამოიჭირეს, უსწრაფესი იერიში კი ქართველმა უკანახაზელმა დააგვირგვინა. ეს იყო ნინიაშვილის მე-7 ლელო ჩემპიონატში ჩატარებულ მე-14 მატჩში, სულ კი მის ანგარიშზე ტოპ 14-ის 37 მატჩი და 16 ლელოა!

უპირობო აუტსაიდერი კვლავაც „ოიონაქსია“, რომელსაც „ლა როშელმა“ საშინაო მატჩი ბონუსით მოუგო – 40:16. სტუმართა შორის ვეტერანმა ირაკლი მირცხულავამ ბოლო 27 წუთი ითამაშა.

„პერპინიანმა“„კასტრი“ მოულოდნელად გაანადგურა – 43:12. კატალონიელთა სასტარტოში გიორგი თეთრაშვილი იყო, ხოლო სტუმრებში მეორე ტაიმში ლევან ჩილაჩავა გამოჩნდა.

„კლერმონმა“ პარიზში „რასინგ-92“-თან წააგო. „ვულკანების“ რიგებში ბოლო ნახევარი საათი ახალგაზრდა გიორგი ძმანაშვილმა ითამაშა.

ტულუზაში კი მოქმედმა ჩემპიონმა „პოს“ უმასპინძლა და რის ვაი-ვაგლახით მოუგო – 31:29. ბასკებმა ბონუსი გამოიმუშავეს, ხოლო მათმა ქართველმა ბურჯმა გურამ პაპიძემ ტოპ 14-ში თავისი საიუბილეო – 50-ე მატჩი ჩაატარა.

პრო დ2

„მონტობანის“ კვაჭმა ბადრი ალხაზაშვილმა ზედიზედ მეორე მატჩში მოახერხა ლელოს დადება, თუმცა საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერც ამჯერად იხსნა – მონტობანელებმა შინ „დაქსთან“ 29:36 წააგეს და ცხრილში კრიტიკულ, ბოლოსწინა ადგილამდე ჩამოქვეითდნენ. ბადრის გარდა „მონტობანის“ რიგებში თედო აბჟანდაძემ, ოთარ გიორგაძემ და მირიან ბურდულმაც ითამაშეს. ამ ოთხეულთან ერთად კი ტურში კიდევ 16-მა ქართველმა მიიღო მონაწილეობა.