ორთვენახევარიღა დარჩა პირველ თამაშამდე. დორტმუნდში. სადაც თურქეთის ნაკრები გვიმასპინძლებს. დიახ, თავად დორტმუნდში ხომ თურქული დიასპორაა უცხოელთაგან უდიდესი, ამას დორტმუნდის ახლო თუ შორს მდებარე გერმანული ქალაქებიდან და უშუალოდ თურქეთიდან ჩასულებიც დაუმატეთ და ნათელი გახდება, რომ ტრიბუნაზე ძირითადად თურქეთის ნაკრების მხარდამჭერები იქნებიან. სხვათა შორის, ოდნავ ნაკლები მასშტაბით, მაგრამ იგივე სურათს ველი მომდევნო, მეორე მატჩზეც, ჰამბურგში.

Image 2ჩეხებისთვის გერმანია მეზობელი ქვეყანაა და ისინი უეჭველად დიდი რაოდენობით იქნებიან „ფოლკსპარკშტადიონზე“. მესამე შეხვედრა, მოგეხსენებათ, პორტუგალიის ნაკრებთან გვაქვს. პორტუგალიელები კი ყველგან კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად დადიან როგორც წესი…

ნათელია, ჩვენს ნაკრებს ერთი მეორეზე უფრო რთული, მძიმე მატჩები ელის, რაც უდიდეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რესურსს მოითხოვს. სწორედ ამიტომ არის საჭირო კვალიფიციური და გამოცდილი, გონიერი მწვრთნელი, რომ ფეხბურთელებიც ოპტიმალურ კონდიციებში მიიყვანოს ტურნირამდე, ძალთა ოპტიმალურად გადანაწილებაც მოახერხოს სამ თამაშზე და ტაქტიკურადაც ხეირიანი ვარიანტი აირჩიოს ყოველი მეტოქის წინააღმდეგ, სასურველი შედეგის მისაღწევად. თორემ მხოლოდ და მხოლოდ იმ თავგამოდების იმედად ყოფნა, რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამოიჩინეს, საკმარისი არ იქნება, რა თქმა უნდა. მეტიც, იგივე, ზედიზედ სამჯერ და თანაც ყოველ მეოთხე დღეს, ძალიან ძნელი გასამეორებელი იქნება. მით უმეტეს თუ შესაძლო ტრავმების ან ყვითელ-წითელი ბარათების, სხვა გაუთვალისწინებელი არასასურველი ფაქტორების, ტურნირის მნიშვნელობიდან და დონიდან გამომდინარე გაზრდილ საფრთხესაც გავითვალისწინებთ.

Image 5

ამ სტრიქონების წაკითხვისას, ნუ დაგვავიწყდება, რომ ანალოგიური თავსატეხების გადაჭრა მოუწევთ ჩვენს მეტოქეებსაც და სულაც არ არის აუცილებელი რომ მათ ჩვენზე უკეთ გაართვან თავი საკუთარ საზრუნავს. შეჯიბრი სწორედაც ამას გულისხმობს, ვინ უფრო მოხერხებულად აიცილებს გართულებებს და გამოიყენებს საკუთარ კოზირებს.

კოზირებს რაც შეეხება, მერწმუნეთ, იქ, უმრავლესობას, არც კვარაცხელია ჰყავს და არც მამარდაშვილი! სხვა საქმეა, ვიმეორებ, ვინ როგორ მოახერხებს სხვისი ყოჩების განეიტრალებასა და საკუთარი ფალავნების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას. სწორედ ამისთვის არის აუცილებელი მწვრთნელი. ასევე გაიზრდება სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის მნიშვნელობა და ადმინისტრაციულ მუშაკთა როლი, სხვადასხვა წვრილმანი თუ მსხვილმანი საკითხის დროულად მოგვარებაში რათა ფეხბურთელები მაქსიმალურად კომფორტულად იყვნენ და მხოლოდ თამაშზე შეეძლოთ სრულფასოვნად კონცენტრირება. ასეთ დროს, უმნიშვნელო საკითხები ხომ არც არსებობს!

იმედი მაქვს ჩვენებს ეამათ გამარჯვების გემო! მადა კი, მოგეხსენებათ, ჭამაში მოდის!..

Image 55