Georgia maintained the impressive tradition in Euro historyსაქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ფინალში, პენალტების სერიაში საბერძნეთის ეროვნულ გუნდს 4:2 მოუგო (ძირითადი და დამატებითი დრო — 0:0) და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშებს…

პენალტების სერიას ორი გმირი ჰყავდა. გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ბაკასეტასს აუღო თერთმეტმეტრიანი და ნიკა კვეკვესკირი, რომელმაც გამარჯვების პენალტი შეაგდო. თუმცა არც სხვებს დაუზოგავთ თავი, იბრძოლეს, იომეს და ისტორია დაწერეს.

ასრულდა ქართველი გულემატკივრის და არა მარტო გულშემატკივრის, მთელი ქვეყნის ოცნება. ქვეყნისა, რომელიც ამ საღამოს საოცრად ერთიანი იყო. ეს შეუძლია ფეხბურთს…

თამაშის სცენარი ისეთი გამოდგა, როგორსაც ველოდით. ბერძნებმა ტრადიციულად ხისტად, უხეშად და პროვოკაციულად ითამაშეს. განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელიას ერჩოდნენ. ერთხელ კი ლივერპულელმა კოსტას ციმიკასმა ისეთი უთავაზა იდაყვი თვალ-ყურში, რომ ხვიჩა კარგა ხანს ვერ დგებოდა მინდვრიდან. რატომღაც პოლონელმა არბიტრმა ციმიკასი არც კი გააფრთხილა.

ხვიჩა ამჯერად უფრო ცენტრში და მარჯვნივ მოქმედებდა. ბევრი იმუშავა.

პირველ ტაიმში ჩვენ გვქონდა ერთი მომენტი, როცა დვალი თავით ახლოდან ცდილობდა დარტყმას მაგრამ ბურთს ვერ მისწვდა.

დაახლოებით მეოცე წუთიდან ბერძნებმა ბურთი „დაიჭირეს.“ ასე გაგრძელდა შესვენების შემდეგაც. ჩვენები სწრაფი კონტრშეტევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას.

101 წუთზე მავროპანოსმა თავით ხარიხას მოარტყა ბურთი. მალევე მიქაუტაძე შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, დავითაშვილს დაუგორა და ზურიკოს ახლოდან დარტყმული ვლახოდიმოსმა სასწაულით მოიგერია ფეხით.

მერე კვრაცხელიას კუნთი დაეჭიმა და მინდორი დატოვა. ჩვენები დაიღალნენ, მაგრამ გაძლეს, გაძლეს და მთელი საქართველო უზომოდ გაახარეს.

საქართველოს ნაკრები ერთადერთი დებიუტანტია ტურნირზე. დანარჩენებს სხვადსხვა წლებში უკვე უთამაშიათ.

                                                                                                                                                                         გიორგი ჯიქიას ფოტოები