– დილა მშვიდობისა, მეტ!
– დილა მშვიდობისა, სერ!
– როგორ ხარ, მეტ? ფინჯანი ყავა?
– სიამოვნებით, სერ!
– აი, მიირთვი.
– გმადლობთ, სერ!
– ახალი რა ხდება ქვეყანაზე?
– ყველაფერი ძველებურად არის, სერ. რუსეთი უკრაინას ეომება, ისრაელი – პალესტინას, სომხეთი – აზერბაიჯანს, თურქეთი კი ყველას ეომება, მაგრამ ბრძოლებში არ ერთვება…
– ოოო, ძალიან მოსაწყენია უკვე ეს ყველაფერი…
– დიახ, სერ!
– მშვიდობა არსადაა? მაგალითად, ჯორჯიაში რა ხდება, მეტ?
– “ატლანტა ჰოკსმა” ინდიანასთან წააგო, სერ.
– მართლა? ცუდია. თუმცა მე მაგ ჯორჯიას არ ვგულისხმობდი. მე, აი, იმ, სხვა ჯორჯიაზე გეკითხები, რომელიც არც ევროპაა და არც აზია.
– მომიტევეთ, სერ! იმ ჯორჯიაში შფოთავენ, სერ!
ეროვნულმა ნაკრებმა ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო– შფოთავენ? უცნაურია. კი, მაგრამ ეგენი ხომ უდარდელები არიან?! რამ ააფორიაქა? რუსეთი ხომ არ დაესხა თავს?
– არა, სერ! ფეხბურთმა დაურღვიათ არხეინობა.
– ფეხბურთმა? ფეხბურთი რაღა უბედურებაა?
– მომიტევეთ, სერ! სოკერმა.
– ააა! ისევ წააგეს?
– წააგეს, სერ! თუმცა ეგ არ ანაღვლებთ, ერთი ფეხბურთელი ყავთ და იმ წაგებულ თამაშში მის მიერ მიღებულმა ყვითელმა ბარათმა ააფორიაქა მთელი გაღმა ჯორჯია, სერ! ამ ბარათის გამო შემდეგი მატჩის გამოტოვება მოუწევს იმ ერთადერთ ფეხბურთელს.
– ერთი ფეხბურთელი თუ ჰყავთ იმ დალოცვილებს, რით ვერ მოუფრთხილდნენ?
– მოფრთხილება მათი თვისება არ არის, სერ!
– ჰო, ჰო, ვიცი, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და… კი, მაგრამ მწვრთნელი ან ფედერაცია არ ჰყავთ იმ ერთადერთ ფეხბურთელზე რომ ეზრუნათ?
– არა, სერ!
– აბა რა ეშველებათ ნახევარფინალში?
– სერ, არ ვიცი როგორ ახერხებენ, მაგრამ უფალს რატომღაც ძალიან უყვარს ეს ნაცარქექიები და ამჯერადაც უშველა – ლუქსემბურგი გაუგზავნა მეტოქედ, სერ. ასე რომ ყველაფერი კარგად ექნებათ. ასე ღადავ-ღადავში, ხელების ფათურით, ფინალამდე კი მიაღწევენ, სერ!
– ფინალშიც ლუქსემბურგი ხომ არ შეხვდებათ, მეტ?!
– არა, სერ! მაგრამ თავად გაღმაჯორჯიელები ასე ამბობენ: უფალი დიდია, აღდგომა და ხვალეო!
– ეგ კი მესმის, მეტ, მე სხვა ვერ გამიგია, რატომ უყვარს ღმერთს ეს ნაცარქექია გაღმაჯორჯიელები ასე ძალიან და რათომ შველის ყოველთვის?
– ეგ არავინ იცის, სერ! თავად დიდი ღმერთის გარდა, რა თქმა უნდა, სერ!
                                                                                                                                                                                  22.10.2023