საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და გუნდის მზადყოფნაზე ისაუბრა.

„წინა მატჩისგან განსხვავებით, ახლა აღდგენებისთვის მეტი დრო მოგვეცა. ლუქსემბურგის შემდეგ 26-ივე მოთამაშე მზად არის. დაგვრჩა ბოლო ვარჯიში. მეტოქეზე არ ვისაუბარებ, მირჩევნია, ყურადღება საკუთარ გუნდზე გავამახვილოთ.

როდესაც გავიგეთ, რომ საბერძნეთს ვეთამაშებოდით, ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, რადგან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, მოგება ორივეს გვინდა. ოცნება ყველას შეუძლია, მაგრამ თამაში ცოტას. ყოველდღე მიზნისთვის უნდა იცხოვრო და ამისთვის ყველაფერი გააკეთო.

მინდა, მივულოცო ჩემს ფეხბურთელებს – მათში არის წინსვლის მისწრაფება და ახლა უფრო მზად არიან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის, ვიდრე ოდესმე.

ფსიქოლოგი? თუკი ვიგრძნობდი, რომ ფეხბურთელებზე წნეხია, მოვითხოვდი მის დახმარებას. მაგრამ ჩემს მოთამაშეებს ვიცნობ, მათ ასეთი დახმარება არ სჭირდებათ.

თამაში არა 90 არამედ, შეიძლება 120 წუთი გაგრძელდეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ჩემი გუნდი ყველაფრისთის მზადაა. ვემზადებით თუ არა პენალტების სერიისთვის? დიახ, გვესმის, რომ პენალტების სერიაც შეიძლება იყო და ამაზეც ვვარჯიშობთ“, – ამბობს ვილი სანიოლი.