ევრო 2024-ის შესარჩევი ფლეი-ოფის მეორე ნახევარფინალში საბერძნეთის ნაკრებმა ყაზახეთს 5:0 მოუგო და 26 მარტს თბილისში საქართველოს ნაკრებთან ფინალის სათამაშოდ ჩამოდის. გთავაზობთ ამონარიდებს ბერძნული საიტის sport24-ის წერილიდან, რომელსაც ჰქვია „შეუპოვარ თაობას ცოდვათა გამოსყიდვამდე ერთი თამაშიღა დარჩა”.
„საბერძნეთის ნაკრებმა შეძლო ყაზახეთთან სამკვდრო-საციცოცხლო შეხვედრა საზეიმო წვეულებად ექცია და ახლა საქართველოსთან „ფინალს” ელოდება. შეხვედრას, რომელიც მას ათწლიანი შესვენების შემდეგ მსხვილი შეჯიბრების ფინალურ ეტაპზე გაიყვანს.
თამაში ბრწყინვალედ აეწყო. ორი სწრაფი გოლის შემდეგ ყაზახეთის ნაკრები დაიშალა, რაც სრულიად ლოგიკური იყო, რადგან ის ფიფას რეიტინგის მე-100 გუნდია, რომელსაც ასეთი შეხვედრების გამოცდილება პრაქტიკულად არ აქვს. იმავდროულად, ჩვენ უნდა დავაფასოთ საბერძნეთის ნაკრების მოთამაშეთა შეუპოვრობა, რომლის მოწმენიც მთელი მატჩის განმავლობაში, ყოველი ორთაბრძოლის დროს ვიყავით. მათი სხეულის ენა ერთს მეტყველებდა: „შენ ამ საღამოს ვერ დაუძვრები”.
გუსტავო პოიეტის ფეხბურთელებისთვის ფსიქოლოგიური საკითხის გადაწყვეტა მთავარი ამოცანა იყო, რადგან გასული წლების წარუმატებლობა მათ მძიმე ტვირთად აწვებოდა. ეს SPORT24-თან მატჩისწინა საუბრისას პეტროს მანდალოსმაც (აეკ-ის ნახევარმცველი) აღნიშნა…
…კარგია, რომ ეს გამარჯვება სიმბოლურ ხასიათსაც ატარებს. ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების ნაწილი ხომ გასული ათწლეულის კოშმარში ცხოვრობდა, ხოლო მეორე ნაწილი ნაკრებში მაშინ გამოიძახეს, როდესაც იქ არაჯანსაღი ატმოსფერო იყო. შესაბამისად, მათ ვითარების შეცვლაში თავიანთი წვლილი აქვთ შეტანილი. დღეს კი ჩვენ ვხედავთ ჯანსაღ კოლექტივს, რომელიც ერთ ოჯახად არის შეკრული. და ეს ლიტონი სიტყვები არ არის, საქმით მტკიცდება.
ბოლოს და ბოლოს საბერძნეთის ნაკრების წევრები ინდივიდუალიზმის მქონე მოთამაშეები არიან. მათ აქვთ საფეხბურთო ეგო, რომლისთვისაც „დაკარგული თაობის” იარლიყი გაუგებარია. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს იარლიყი მოიშორონ და ოცნებას ხორცი შეასხან. ასეთი დახასიათება ხომ უსამართლოა. იმაზე, რაც გასულ წლებში ხდებოდა სწორედ ფეხბურთელები არიან პასუხისმგებლები. და დღეს ჩვენს თვალწინ დგას მტკიცე, უმართავი და უკომპრომისო თაობა.
ეს თაობა ისეთივე უკომპრომისოა, როგორც ნაკრების მწვრთნელი გუსტავო პოიეტი გახლავთ. როგორც ყველა „ფედერალისტი” ურუგვაელს ბევრი აუგი მოუსმენია და მომავალშიც ბევრს მოისმენს, მაგრამ აუცილებლად უნდა დავაფასოთ, რომ მან საბერძნეთის ეროვნული გუნდი ევრომდე ერთი თამაშის მანძილზე მიიყვანა. ეს ის კაცია, რომელმაც ფეხბურთელების სტატუსი შეცვალა, ისინი ბოლო ორ წელიწადში განავითარა, გამარჯვებულის სული ჩაუნერგა და კვლავ იმ გუნდად გვაქცია, რომელიც საფრანგეთის და ჰოლანდიის დონის გუნდებს კონკურენციას უწევს, ხოლო ჯგუფებში (თეორიულად) იმარჯვებს. ეს ადვილი საქმე არ არის. ყაზახეთთან კი ურუგვაელმა უფასო სემინარი ჩაატარა…
…თბილისში მოგზაურობა ბოლო ორი წლის ციკლს მთლიანად ასრულებს და იმედი გვაქვს, რომ ის დაასრულებს ბოლო ათწლეულსაც, რომლის დროსაც ჩვენი ნაკრები მთავარი პრეტენდენტიდან მეორეხარისხოვან გუნდად იქცა.
საქართველო იოლი მეტოქე არ იქნება. ჩვენთვის ეს ათწლეულის მატჩია, მაგრამ მათთვის ეს არის ისტორიის მთავარი შეხვედრა. ასე იყო ყაზახეთისთვისაც. თუმცა, ამ ორ გუნდს შორის სხვაობა კლასშია. ქართველები კვარაცხელიას წინამძღოლობით შესანიშნავ გუნდს აგებენ.
თუმცა, ჩვენთვის თავის გამართლება არ არსებობს. ამას ფეხბურთელებიც არ ეძებენ და ეს მათ კომენტარებშიც კარგად ჩანს. ისინი თეორიებს არ ეყრდნობიან. მათ ევროზე მოხვედრა უნდათ და ყველა ღონეს იხმარენ, რათა ასეც მოხდეს. ბოლოს და ბოლოს, რამდენად წარმატებული იყო მათი ძალისმევა იმის მიხედვით გაირკვევა, გავლენ თუ არა ფინალურ ეტაპზე. ამის შესახებ ყველაზე კარგად თავად ფეხბურთელებს მოეხსენებათ. მათ გერმანიის სტადიონებზე მოხვედრა უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავისთვის უნდათ… წარუმატებლობემა ჩვენ გავაძლიერა, დაჟინება შეგვამატა, პრობლემებს დაგვაჯახა, მაგრამ ცოდვათა საბოლოო გამოსყიდვის დრო დადგა.
ერთი ბრძოლა, ერთი საღამო, ერთი ოცნება.”