საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო — ევრო 2024-ის შესარჩევ ფლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა და ახლა ფინალში საბერძნეთი-ყაზახეთის გამარჯვებულს დაელოდება. წინ გერმანიის საგზურია.

შეხვედრის გმირი გერმანული „კარლსრუეს“ შემტევი ბუდუ ზივზივაძე გახდა. ბუდუმ დუბლი შეასრულა. კარგი იყო ჩაკვეტაძე, მამარდაშვილი, ქოჩორაშვილი… მთავარია, წვიმიან „დინამო არენაზე” ფანტასტიკური ატმოსფერო სუფევდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში მაყურებელი არ გაჩერებულა.

მატჩის დასაწყისში UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ სტადიონზე საჩემპიონო ქამარი წარადგინა, ჩვენი ფეხბუთელები გაამხნევა და წარმატება უსურვა. თუმცა, უამისოდაც ნაკრები ერთობ მოტივირებული გავიდა მინდორზე. მუხტი და ჟინი არ აკლდათ. ჩვენებურთა დამრიგებელმა ვილი სანიოლმაც უჩვეულოდ შემტევი შემადგენლობა აირჩია, ორი თავდამსხმელი გაამწესა სასტარტოში — ჟორჟ მიქაუტაძე და ბუდუ ზივზივაძე. ეს უკანაკნელი რომ შესანიშნავ ფორმაშია კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

 

პირველ ტაიმში სამი მეტ-ნაკლებად დასამახსოვრებელი მომენტი გვქონდა და სამივეში გერმანული „კარლსრუეს“ ფორვარდი მონაწილეობდა. ჯერ ჩაკვეტაძის დიდებული ქუსლური გადაცემის კვალად ძელს მოარტყა ბურთი, შემდეგ  გოლიც გაიტანა, მაგრამ მანამდე მეკარეს ეუხეშა და  ყვითელი ბარათიც მიიღო. ბოლოს მაინც შეაგდო — კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი სტუმართა მცველმა, ოლესენმა უხეიროდ მოიგერია, ბურთი და ბუდუმ მიიღო შანსი არ დაუტოვა მეტოქეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში ლუქსემბურგის  ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა, ჟერსონ როდრიგესმა ფაქტობრივად გაათანაბრა ანგარიში… როდესაც მსაჯს თამაშის შეჩერება მოუწია. წინა  ეპიზოდი გადაამოწმა VAR-ზე, რომელიც შეიძლებოდა საქართველოს ნაკრების გოლით დასრულებულიყო.

სტუმართა ცენტრალურმა მცველმა შანომ როდრიგესის გოლის წინ საკუთარი საჯარიმოს ხაზთან მიქაუტაძე წააქცია, როცა ის მეკარესთან პირისპირ გადიოდა. შედეგად შანოს წითელი ბარათი უჩვენა, ლუქსემბურგელთა გოლი კი გააუქმა. სწორედ ეს ეპიზოდი გამოდგა საკვანძო.

შემდეგ კი იყო შენგელიას ხარიხა საჯარიმოდან, ბუდუს მეორე გოლი და სამი წლის შემდეგ ნაკრებში დაბრუნებული 38 წლის ჯაბა კანკავა, რომელმაც კაპიტნის სამკლაური გადაიბარა. ეს ჯაბას 101-ე მატჩი გახლდათ ეროვნულ გუნდში.

                                                                                                                                                                       გიორგი ჯიქიას ფოტოები