საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩამდე საგურამოში ივარჯიშა, რომლის დაწყებამდე ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„გუნდში სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია, ამის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. ფეხბურელებს ვესაუბრე და ავუხსენი, რომ კონცენტრაციაა საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია გონივრულად ვითამაშოთ და ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენოთ.
მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა, გვაქვს ჩვენი გეგმა, მაგრამ არაფერი განსაკუთღებული არ მოგვიფიქრებია, ყველა ფეხბურთელმა იცის, როგორ უნდა მოემზადოს, სიახლეები ამჯერად არ იქნება.
ლუქსემბურგის ნაკრების ყველა თამაში ვნახე. არ უნდა მოვდუნდეთ და მეტოქე სათანადოდ დავაფასოთ. მთავარია, ბოლომდე დავიხარჯოთ და შესაძლებლობები სრულად გამოვავლინოთ. ვეცდებით, ბურთი გავაკონტროლოთ, მთავარია, ბიჭებმა ყველაფერი გაიღონ.
ჯაბა კანკავას დაბრუნებას რაც შეეხება, ის გუნდისთვის საჭირო მოთამაშეა, იქნება თუ არა შემადგენლობაში, ამას თამაშის წინ გაიგებთ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
იმედი მაქვს, ეს ერთიანობა წარმატებას მოგვიტანს
მწვრთნელთან ერთად პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილმაც ისაუბრა.
„ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს წინ კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. მოტივაციის პრობლემა ნაკრებში არასდროს ყოფილა, ახლაც ვემზადებით, რომ ჩვენი დიდი ხნის ოცნება ავიხდინოთ.
რთული მატჩი გველის, ლუქსემბურგის ნაკრებმა ბოლო დროს თავი კარგად წარმოაჩინა, მაგრამჩვენი ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და ვეცადოთ, რომ საკუთარი თავის საუკეთესო თვისებები გამოვავლინოთ.
ჯაბა კანკავას ნაკრებში დაბრუნება განსაკუთრებული ამბავია, რადგან ჯაბა მისაბაძი ადამიანია თავისი პიროვნული თუ საფეხბურთო თვისებებით, საქმისადმი დამოკიდებულებით. მისი გუნდში ყოფნა ჩვენთვის განსაკუთრებული ძალაა.
ვაცნობიერებთ, რას ნიშნავს ეს მატჩი მთელი ქვეყნისთვის, ყველა ემზადება 21 მარტისთვის. იმედი მაქვს, ეს ერთიანობა წარმატებას მოგვიტანს.
თამაშის მოახლოებასთან ერთად წნეხიც მატულობს, მაგრამ ყველა ვცდილობთ, რომ ეს წნეხი დავძლიოთ და ამ კონკრეტული შეხვედრისთვის მზად ვიყოთ“, – თქვა ოთარ კიტეიშვილმა.