„ვილიარეალთან” შეხვედრაში „ვალენსიას” კარში პენალტი დაინიშნა. ხოსე გაიამ ბერტრანდ ტრაორე წააქცია და ფიგეროა ვასკესმა ალექს ბაენა თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან დააყენა. ამ ორი გუნდის შეხვედრაში ბოლო ოთხი მოგერიებული პენალტი „ღამურების” მეკარეებზე მოდის. ამჯერად, სანტიაგო კანისარესის, ვისენტე ხუაიტას და ჯასპერ სილესენის მსგავსად დარტყმის მიმართულება გიორგი მამარდაშვილმა გამოიცნო. და ქართველმა მის შესახებ კიდევ ერთ კამათს დაუსვა წერტილი — დამტკიცდა, რომ პენალტების მოგერიებაც ეხერხება. ის „მესტალიასთვის” ყოველ წელიწადს სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება. „ვალენსიას” მეპატრონე პიტერ ლიმი, რომელმაც გასულ ზაფხულს გიორგი კინაღამ გაყიდა, ახლა ალბათ ხელებს იფშვნეტს.

„ვალენსია” და პენალტები. როგორც AS-ის ჟურნალისტი ხავიერ მარტინი წერს, ეს დიდი თემაა. „ღამურების” კარში თერთმეტმეტრიანები ხშირად ინიშნება. სტატისტიკა მეტყველებს, რომ ესპანეთის პირველ დივიზიონში ყველა მეტი, 422 პენალტი „ვალენსიას” კარში დანიშნულა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თერთმეტმეტრიანებს ყველაზე ხშირად სწორედ „ჩეების” მეკარეები იგერიებენ. მათი აღებული პენალტების რაოდენობა უკვე 93-ს გაუტოლდა.

ახლა, 2008-09 წლების სეზონიდან დავთვალოთ. ამ ხნის განმავლობაში „ვალენსიას” კარში 109 პენალტი დაინიშნა (Opta-ს დათვლით ყოველ ხუთ შეხვედრაში ერთი) და მათგან 28 მეკარეებმა მოიგერიეს. მეორეზე „ვილიარეალია”, რომლის კარის მცველებმა 17 თერთმეტმეტრიანი აიღეს. შემდეგ მოდიან „ხეტაფე” და „სევილია”, რომელთა მეტოქეებს ამ პერიოდში 93 და 85 პენალტი დაარტყმევინეს. „ბარსელონას” და „რეალს” კი ათეულშიც ვერ ნახავთ, რადგან მათ კარში თერთმეტმეტრიანებს ხშირად არ ნიშნავენ. ეს უპირველეს ყოვლისა მათი კარგი დაცვის დამსახურებაა. სამაგიეროდ, „ატლეტიკოს” უკავია მეცხრე პოზიცია — „მატრასების მკერავებს” მეტოქეებმა 73 პენალტი დაურტყეს.

ლა ლიგაში ყველაზე მეტი პენალტი ბრაზილიელ დიეგო ალვეშს აქვს აღებული. მისი შედეგი გასაოცარია: 46 თერთმეტმეტრიანიდან 22 (45,7%) მოიგერია. ამ ოცდაორიდან 15 პენალტი ალვეშმა იმ შვიდ წელიწადში უკუაგდო, როდესაც „ვალენსიას” კარს იცავდა. პრიმერა დივიზიონში ალვეშს მოსდევს ანდრეს პალოპი (39-დან 13) და სერხიო ასენხო (47-დან 12).

უშუალოდ ვალენსიელი მეკარეების ამბავი კი ასეა: ჯასპერ სილესენმა 16-დან 4 აიღო და მეორე ადგილზეა. მას მოსდევს ბრაზილიელი ნეტო მურარა, რომელიც 2022 წლიდან „ბორნმუთის” კარს იცავს. თავის დროზე „ვალენსიამ” ის „ბარსელონას” სილესენში გაუცვალა. ნეტოს შედეგია 13 პენალტიდან 3 მოგერიება.

გიორგი მამარდაშვილი მეხუთე პოზიციაზეა. მიმდინარე სეზონის მეოთხე ტურში მან „ალავესთან” შეხვედრაში ზედიზედ ორი პენალტი მოიგერია, ახლა კი ერთი ბენასაც აუღო და პენალტის ამღები მეკარეების ჩამონათვალშიც შევიდა. ქართველმა „ვალენსიაში” კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა — ლა ლიგის ზედიზედ 70 შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და ლეგენდარული სანტიაგო კანისარესის შედეგი გააუმჯობესა.