Angel Franco Martinezმატეუ ლაოსი, ერნანდეს ერნანდესი, ხილ მანსანო… რა აქვთ საერთო ამ ესპანელ მსაჯებს? ან რით ჰგვანან ისინი ძველ არბიტრებს იტურალდე გონსალესს, დიას ვეგას ან უნდიანო მალენკოს? მიხვედრა ძნელი არ არის — ორი გვარით. და რატომ აქვთ ესპანელ მსაჯებს ორი გვარი? კი ბატონო, ესპანელებს დედისა და მამის გვარის ერთად ტარება ახასიათებთ, მაგრამ მაშინ საკითხი ასე შემოვატრიალოთ: ფეხბურთელებს რატომ მოიხსენიებენ მხოლოდ ერთი გვარით? ამას ისტორიული ახსნა ჰქონია, რომელსაც superdeporte-ს ჟურნალისტის ხავიერ ბენხოას წერილში მივაკვლიეთ.

1960-იან წლებში, სარბიელზე მურსიელი მსაჯი ანხელ ფრანკო მარტინესი გამოჩნდა. მან საქმიანობა მეორე დივიზიონში დაიწყო, შემდეგ პირველ დივიზიონში დააწინაურეს, ბოლოს კი საერთაშორისო დონეზეც გაიკაფა გზა. იმ პერიოდის პრესაში, ხშირად უსამართლოდ, იბეჭდებოდა სათაურები: „ფრანკომ თამაში გააფუჭა”, „ფრანკომ ცუდად იმსაჯა” და ასე შემდეგ. ეს კრიტიკა არბიტრთან არაფერ შუაში იყო. ასე გაზეთები, ირიბად, ესპანეთის მაშინდელ დიქტატორ ფრანკოს (ფრანსისკო ფრანკო ბაამონდე) აკრიტიკებდნენ. სიამოვნებდათ დიქტატორის გვარი უარყოფით კონტექსტში რომ მოიხსენიებოდა.

გენერალი ფრანკო ფეხბურთის დიდი მოყვარული იყო, გაზეთებს კითხულობდა და თავისი გვარის აუგად ტრიალი არ სიამოვნებდა. სწორედ მაშინ შესთავაზა სახელმწიფოს მმართველს მისმა ერთ-ერთმა მრჩეველმა მსაჯების ორი გვარით მოხსენიება.

ეს ის პერიოდია, როდესაც ბასკთა ტერორისტული ორგანიზაცია „ეტა” ხშირად აფეთქებდა შენობებს და ხალხს ხოცავდა. „ეტამ” საერთაშორისო ყურედღების მისაპყრობად ცნობილი ადამიანის მკვლელობა განიზრახა და არჩევანი მსაჯზე შეაჩერა. ამ დროს ანხელ ფრანკო მარტინესი ბასკური დერბის, „რეალ სოსიედადისა” და „ბილბაოს” შეხვედრის არბიტრად დანიშნეს. მაშინ ტერორისტები ამბობდნენ: ჯერ ამ ფრანკოს მოვკლავთ და მერე იმას, რომელიც მადრიდშია.

მსაჯი ფრანკო გადარჩა. მიზეზი: მოხდა უცნაური რამ. თამაშის წინ მას მშობლიური მურსიიდან დაურეკეს და ჩასვლა სთხოვეს. არბიტრმა იფიქრა ალბათ ქრთამი უნდა შემომთავაზონო, შეხვედრაზე მურსიის მსაჯთა ასოციაციის პრეზიდენტ მანოლო სერსუელოსთან ერთად მივიდა, სადაც ადგილობრივი მღვდელი და შინაგან საქმეთა მინისტრი ტომას გარიტანო დახვდნენ. მათ არბიტრს საიდუმლოდ უამბეს ტერორისტების გეგმის შესახებ, რის მერეც ფრანკომ ტრავმა მოიმიზეზა და ბასკეთში თამაშზე არ წავიდა.

ანხელ ფრანკო მარტინესი 2024 წელს, 85 წლისა გარდაიცვალა, ესპანელ მსაჯებს კი ორი გვარით მოიხსენიებენ.

 

წილი
წინა სტატიააჩერბიმ ტყუილი მოყვა
შემდეგი სტატიადაიწყო…
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.