„ინტერისა” და „ნაპოლის” კვირის შეხვედრას (1:1) სკანდალი მოჰყვა: ნეაპოლელთა მცველმა ჟუან ჟესუსმა მილანელ ფრანჩესკო აჩერბის რასისტულ შეურაცხყოფაში დასდო ბრალი, რის გამოც იტალიის ნაკრების თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ ის ვენესუელასა და ეკვადორთან ამხანაგური შეხვედრებიდან მოკვეთა. მატჩები 21 და 24 მარტს აშშ-ში გაიმართება. ფეხბურთელს იტალიის ფეხბურთის ფედერაციისგან დისკვალიფიკაციაც ემუქრება.
„ინტერმა” გამოაქვეყნა განცხადება, რომ ის თავადაც გაარკვევს, თუ რა მოხდა „სან სიროზე” კვირა საღამოს, ჟუან ჟესუსმა კი ინსტაგრამზე ახალი პოსტი დადო, სადაც დაწერა:
„ჩემთვის ეს ისტორია გუშინ, მოედანზევე დამთავრდა, როდესაც აჩერბიმ ბოდიში მომიხადა. გულწრფელად გეუბნებით, მერჩივნა აღარ დავუბრუნებოდით სამარცხვინო ეპიზოდს, რომლის მსხვერპლიც გავხდი, მაგრამ დღეს წავიკითხე აჩერბის განცხადება, სადაც ფაქტები სრულიად გაყალბებულია. ის, რაც მოედანზე მოხდა გადაღებულია და ტუჩის მოძრაობით იოლად შეიძლება ამოცნობა, როგორ მიხდის „ინტერის” მცველი ბოდიშს. რასიზმს დღეს და აქ უნდა ვებრძოლოთ. აჩერბიმ მოედანზე ასეთი რამ მითხრა: წადი აქედან „ნერო” (იტალიურად „შავი”), შენ მხოლოდ და მხოლოდ „ნიგერი” ხარ. როდესაც ეს ნათქვამი მსაჯთან გავაპროტესტე, ის მოვიდა და ბოდიში მომიხადა, თანაც დასძინა: ჩემთვის „ნიგერი” უბრალო სალანძღავი სიტყვაა, როგორც ყველა სხვა. დღეს კი მან ისტორია შეცვალა. ამბობს, რასისტული შეურაცხყოფა არ მიმიყენებიაო. აი, ეს არის, რისი თქმაც შემიძლია. მეტს ვერაფერს დავამატებ”.
ჟურნალისტებმა პრეს-კონფერენციაზე სპალეტის ჰკითხეს, ელაპარაკა თუ არა ჟუან ჟესუსს. იტალიის ნაკრების თავკაცმა უპასუხა, რომ უნდოდა ბრაზილიელი დაემშვიდებინა, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.