საქართველოს ბორჯღალოსნებმა საფრანგეთის დედაქალაქში ბეჭედი დაუსვეს იმ ამბავს, რომ ე.წ. სარაგბო ტიერ ორზე ბადალი არ ჰყავთ. 36:10 – ასეთი ანგარიშით დასრულდა „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩი საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის. ცხადია, ქართველებმა მოიგეს და თავისი სტატუსი კიდევ ერთხელ დაადასტურეს – ამ დონეზე ჩვენს ბიჭებთან კონკურენციას ვერავინ ახერხებს და შარშან, მსოფლიო თასზე იგივე „მგლებთან“ ნათამაშები ფრე შემთხვევითობა იყო და არა კანონზოიმერება.
კანონზომიერების ზეიმი კვირას, პარიზის „ჟან ბუენზე“ იყო. ისე, დიდი სპეციალისტობა არც სჭირდებოდა შედეგის პროგნოზირებას – სად ვარსკვლავებით დახუნძლული საქართველო და სად – მოკრძალებული პორტუგალია. ჩვენს ნაკრებს ხომ დავით ნინიაშვილი ჰყავს, ბექა გორგაძე, ბექა გიგაშვილი… საპირისპიროდ, „მგლებს“ ტოპ 14-ში ერთადერთი კაცი ჰყავთ, კიდევ რამდენიმე – პრო დ2-ში და ეგაა. მოკლედ, კლასში სხვაობა ხომ თავისთავად ნათელია, მაგრამ აქ მოტივაციაზეც უნდა ითქვას – როგორც მატჩის შემდეგ კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ თქვა, ქართველებს ეს თამაში კარგა ხნის მოგებული ისედაც გვქონდა, იმდენად გვწყუროდაო შარშანდელი ფრისთვის სამაგიეროს გადახდა.
ჰოდა, პარიზულ მოგებაში ქართული სულიც ჩაიდო, გულიც, ძალაც და ოსტატობაც – ძლიერმა სუსტი დაამარცხა და საქართველოს ჰეგემონიის დასრულებაზე დაწყებულ საუბრებს ისეთი ხაზი გადაესვა, რომელსაც მომავალ თებერვლამდე ვერავინ წაშლის. საქართველო ევროპის 16-გზის ჩემპიონია!
ეს ხომ თავისთავად რეკორდია, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ სანდრო თოდუა 14-გზის ჩემპიონი გახდა; ბუკამ მე-12 ტიტული მოიპოვა; ლუკა მატკავამ, როგორც იქნა, 100-ქულიან სანაკრებო ზღურბლს გადააბიჯა – 16 ქულა დააგროვა და ჯამურ 114-ქულიან ნიშნულს უწია; აკაკი ტაბუცაძემ წყვილი ლელო გაიტანა და ახლა მის ანგარიშზე უკვე 37-ია, ანუ მისი ყოველი ლელო ისტორიული და სარეკორდოა; თოდუამ 112-ე კეპი მოიხვეჭა, შარიქაძემ – 104-ე…
რაც შეეხება საკუთრივ თამაშს, პირველ ტაიმში ისე მოხდა, რომ პორტუგალიელები 4-ჯერ დაჯარიმდნენ დასარტყმელ პოზიციაზე და მატკავამ ოთხივე შანსი 100%-ით გამოიყენა. ტაიმის გაწითლებულ დროში კი ერთი ჯარიმა პორტუგალიელებმაც გაიტანეს და მატჩის ნახევარი 12:3 მორჩა.
მეორე ტაიმის დებიუტში მატკავამ ტაბუცაძე ფლანგზე ფეხით დაგეზა და აკამაც მშვიდად შეირბინა ლელოში. ლუკამ ვერ გარდასახა და ანგარიში 17:3 დარჩა. შემდეგი ლელო მძლავრ მოლს მოჰყვა, რომელიც ვანო კარკაძემ კარიერაში მე-3 სანაკრებო ლელოთი დააბოლოვა, მატკავამ კი ზუსტად გარდასახა – 24:3. ეს 51-ე წუთზე მოხდა.
სამიოდე წუთში აკამ თავის ფრთაზე კვლავ გაინავარდა და ლელოში რაკეტის სისწრაფით შეფრინდა, მატკავამ კიდიდან კვლავ ააცილა – 29:3.
ამის მერე სიტუაცია რამდენადმე აირია, აქეთ ჩვენებმა იუხეშეს, იქით – პორტუგალიელებმა, სინბინებიც იყო, მაგრამ 70-ეზე მიშიკო ალანიამ ინდივიდუალურად გაიბრწყინა და კარიერაში მეორე სანაკრებო ლელო მიითვალა. მატკავას გარდასახვის შემდეგ კი ანგარიში უკვე გამანადგურებელი გახდა – 36:3.
აქ პორტუგალიელებმა ბოლო ძალები მოიკრიბეს და ერთი საპასუხო ლელოც გაახერხეს – 36:10. ბოლო წუთებზე ორივე მხარე ძალაგამოლეული იყო და თამაშიც ასე დასრულდა. ბორჯღალოსნებმა მე-16 ტიტული ხომ მოიოპოვეს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს ზედიზედ მე-7 ჩემპიონობაა. რიჩარდ კოკერილისთვის პირველი და სხვა მრავალი!…
ჰო, კიდევ ის, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ თორნიკე ჯალაღონია დასახელდა, რომელმაც მართლაც ფანტასტიკური რაგბი ითამაშა.
ნაკრების მომდევნო აქტივობა ივლისშია – ზაფხულის ტესტებზე.
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 15:50სამხრეთაფრიკული ჰეგემონია
აქეთურ-იქითური19/07/2026 | 00:31ბორჯღალოსნებმა ჩილეც წააქციეს
სიახლეები18/07/2026 | 20:56იმედგაცრუება
აქეთურ-იქითური17/07/2026 | 21:27ბოლო აკორდი – კუნძულელებთან
