„როდესაც ლონდონი და ბერლინი არ არსებობდა, პარიზი კი მწყემსებს საძოვრად გაეხადათ, რომს იმპერია ჰქონდა“
რომს რომოლუსი და რემუსი არ დაუკარგავს – მხოლოდ მეტამორფოზა განიცადეს. რომაელებს რომ ჰკითხო, ისინი გარიბალდის შვილები არიან – არა იმპერიის, არამედ იტალიის. ამას ამბობენ, თუმც ისევ „სციპიონის ჩაჩქანზე“ მღერიან (იტალიის ეროვნული ჰიმნი), რომლითად კვლავინდებურად შეიმოსებიან, რათა მტერს ისე გაუსწორდნენ, როგორც კართაგენსა და ჰანიბალს.
ტყუპებიდან ერთს მშობელი მგლის სახე მიუღია, მეორეს – არწივის. მგელი გასაგებია, იმპერიის დამაარსებლები სწორედ მან გაზარდა, ფოლადივით მტკიცენი, საზღვრების დასაცავად ძმის მკვლელობაზე წამსვლელნი… მაგრამ არწივი? – არწივი რომის დიდების სიმბოლოა, იმპერიის ლეგიონებს ხელთ არწივი ეპყრათ და მათი მტრის ხელში მოხვედრა ყველაზე დიდ სირცხვილად ითვლებოდა. ვერგილიუსის მიხედვით, ლეგენდარული ტროაც ხომ იმიტომ დაეცა, რომ იქიდან ენეასი წამოსულიყო და ლაციუმი დაეარსებინა.
ბრჭყალებით, კბილებით, კლანჭებითა და ნისკარტით – რომოლუსი და რემუსი ერთმანეთს დღესაც გაშმაგებით ებრძვიან. რატომ ასე გამეტებით? მათი მტრობა იდეოლოგიურია – ლაციალეები ნაციონალისტები არიან, დღესაც დუჩეს ერთგულნი; რომანისტები კი მემარცხენეები – პარტიზანები, რომლებიც მუსოლინის წინააღმდეგ ირაღით ხელში იბრძოდნენ.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩისთვის ლაციალეები მიუნხენს ეწვივნენ. ისე როგორ იქნებოდა, მატჩის წინ ჰოფბრაუჰაუსში არ მოელხინათ? სწორედ იმ დარბაზში, სადაც ადოლფ ჰიტლერი ნაციონალ-სოციალისტებს შეუერთდა, შემდეგ კი სათავეში ჩაუდგა.
„ბაიერნის“ ხელმძღვანელობამ „ლაციოს“ ულტრასები სტადიონზე არ შეუშვა. მიზეზი არ განუმარტა, თუმც ნათელი იყო – მიუნხენური გრანდი მესამე რაიხის დროს „ებრაელების გუნდად“ მოიხსენიებოდა და მუდმივ რეპრესიებს განიცდიდა. რეკორდმაისტერის პრეზიდენტი, კურტ ლანდაუერი, 1938 წელს, ნაცისტურ გერმანიაში „უმძიმესი“ ბრალდებით – იყო ებრაელი – დააკავეს. მისი სიცოცხლე მხოლოდ იმან იხსნა, რომ პირველ მსოფლიო ომში კაიზერის მხარეს იბრძოდა და თავს შვეიცარიაში გაქცევით უშველა. მისი ოჯახიდან ყველა ჰოლოკოსტის ემსხვერპლა.
ლაციალეები მათი კლუბის წარმომადგენლებზეც გაბრაზდნენ, ქალები და ბავშვებიც გარეთ დატოვეს, ისე რომ ქმედითი არაფერი გაუკეთებიათო.
სწორედ ამიტომ, გასულ კვირას, რომში, „უდინეზესთან“ შეხვედრაში, მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში დუმდნენ და ერთადერთი ბანერი გაეშალათ – una societa’ che non difende i propri tifosi non merita rispetto („კლუბი, რომელიც მის ტიფოზებს არ იცავს, პატივისცემის ღირსი არაა“).
იდეოლოგიური მიმღებლობისა თუ მიუღებლობის მიუხედავად, შეუძლებელია ტიფოზი არწივების გულშემატკივრობამ არ მოგნუსხოს. პირველ ტაიმში ლუის ალბერტომ მათ გამხნევებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა, თუმცა ლაციალეებმა გადაწყვიტეს, რომ „სტადიო ოლიმპიკო“ სასაფლაოდ გაეხადათ.
მეორე ნახევარის დასაწყისში დროშები გამოაბრძანეს, სადაც ყველაზე მკაფიოდ ერთი სიტყვა – ტრადიცია – ეწერა. და გულშემატკივრობა რა შეძახილით დაიწყეს? – „მხოლოდ ამ ფორმისთვის“. მეორე ნახევარში, ლაციალეებს გუნდის ქომაგობა წამითაც არ შეუწყვიტავთ და ყველას აგრძნობინეს, რომ გუნდი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მათით, გულშემატკივრებით, ცოცხლობს.
„ლაციო“ დამარცხდა – 1:2 – „ოლიმპიკოზე“ ზედიზედ მესამედ, რასაც ფანებისგან ობსტრუქცია მოჰყვა. ტიფოზები ყველაფრით ისე გაღიზიანდნენ, რომ მათთან მიკარება ვერც ერთმა ფეხბურთელმა გაბედა.
შეხვედრის შემდეგ, „ლაციოს“ ცენტრალურმა მცველმა, ხილამ თქვა, რომ ეს ყველაფერი დაიმსახურეს.
მატჩის შემდეგ გუნნდი მწვრთნელმა მაურიციო სარიმ დატოვა.
მიუხედავად ამხელა ბრაზისა, რომში ძმისკვლელი მახვილი ისევ შემართულია. „ლაციო“ „რომას“ თუ დაამარცხებს, არწივი „ოლიმპიკოს“ ისევ ამაყად შემოუფრენს… piu e alto sempre volera (ყველაზე მაღლა, იფრინე სამუდამოდ)…
და თუ დამარცხდნენ?
რისხვა მერე ნახეთ…
გიორგი ხარშილაძე საგანგებოდ სარბიელისთვის, თბილისი-რომი-თბილისი