Vinicius, Real Madrid came close to an Osimhen case: a photo of him on Instagram with monkeys (Relevo)ხომ გახსოვთ 2 მარტს „რეალმა” ვალენსიაში რომ ითამაშა? შეხვედრა 2:2 დასრულდა. მადრიდელთაგან ორივე გოლი ვინისუს ჟუნიორმა გაიტანა, გიორგი მამარდაშვილმა კი ჯუდ ბელინგემს საოცარი ბურთი აუღო. ეს ის თამაშია, რომლის საფინალო სასტვენს სკანდალი მიჰყვა. მოგვიანებით მასაჯი ხესუს ხილ მანსანო დასაჯეს. მან თამაში გაუმართლებელ დროს დაასრულა და „რეალის” მიერ ბოლოწამს გატანილი გოლი არ ჩათვალა. მაგრამ, ამჯერად თქვენი ყურადღება სხვა რამეზე გვინდა გავამახვილოთ — როგორც ესპანურმა ონლაინ-გაზეთმა „რევივომ” დაწერა, „ვალენსიასთან” შეხვედრაში ვინისუსი პროტესტის ნიშნად საერთოდ არ აპირებდა მონაწილეობას.

არა, ეს ამბავი ვინისიუსისა და ვალენსიელი გულშემატკივრების ძველ დაპირისპირებასთანაც არაფერ შუაშია — ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის რასისტული შეურაცხყოფის გამო სამი ყმაწვილი სასამართლოს რომ გადასცეს. ამჯერად ვინისიუსი თავისივე კლუბის, „რეალის” ინსტაგრამ გვერდს უცხადებდა პროტესტს. თემა კი ისევ რასიზმი იყო: ხსენებულმა ინსტაგრამ გვერდმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ფეხბურთელი კოცნის „რეალის” გერბს , ქვეშ კი ისრაელელი დიჯეების წყვილის „ვინი ვიცის” სტიკერი იყო დართული, რომელზეც ასახულია ადამიანის ევოლუცია მაიმუნიდან ჰომო საპიენსამდე. თუ დააკვირდებით, მაიმუნის ქვეშ წერია სიტყვა Vini, ვინისუს ჟუნიორის სახელი.

ავტორებმა პოსტი ერთ საათში წაშალეს, მაგრამ ფეხბურთელმა მისი ნახვა მოსწრო და გაცეცხლდა. ვარსკვლავის დაწყნარება მხოლოდ კლუბის გენერალურმა დირექტორმა ხოსე ანხელ სანჩესმა მოახერხა. ცხადია ბრაზილიელს დაპირდნენ, რომ დამნაშავეს იპვიდნენ და დასჯიდნენ.

ინტერნეტ-გაზეთმა „რევივომ” „რეალის” თანამშრომლები გამოკითხა, ოღონდ ეგაა, მათი პასუხები ერთმანეთს ჰგავდა: „მე იქ არ ვიყავი” და „რაღაც კი გავიგე, მაგრამ ზუსტად არ ვიცი”.