საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ლუქსემბურგთან მატჩისთვის შეკრების დაწყებამდე სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილთან ერთად ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა.
ვილი სანიოლი „ჯაბა კანკავას დაბრუნებაზე დიდი ხანი ვფიქრობდი. თავის დროზე პატივი ვეცით ნაკრებიდან წასვლაზე მის გადაწყვეტილებას, მაგრამ მიწვევის დიდი სურვილი მქონდა. ამაზე ველაპარაკე იაშვილსაც და სხვებსაც. ჯაბას როცა ვესაუბრე, მითხრა, რომ მზად იყო, გუნდს თუნდაც რამდემიმე წუთით დახმარებოდა…
ლუქსემბურგთან ისტორიული მატჩია და მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ, თუნდაც კვარაცხელიას გარეშე ან მასთან ერთად…
აზაროვთან დაკავშირებით ბევრი ვიფიქრე. ნაკრებში მისი ბოლო თამაშებით არ ვიყავი კმაყოფილი. ის მცველია და დავალებები, პირველ რიგში, თავისი ამპლუიდან გამომდინარე უნდა შეასრულოს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე შენგელია და წიტაიშვილი უკეთ გამოიყურებიან, ამიტომაც ვარჩიე მათი გამოძახება…
ლობჟანიძეს კვირას რთული მატჩი აქვს. პრობლემა ისაა, რომ მას ძალების აღდგენა უჭირს, კუნთი მალევე ეჭიმება. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ ორ შეხვედრას ეხება…
მოთამაშეები შევარჩიე გამოცდილებითა და შეთამაშებულობით. სულ არის კამათი, ვინ უნდა გამოვიძახოთ და ვინ არა. არაბიძე გაფართოებულ სიაში მოიაზრებოდა, რადგან კარგი სეზონი ჰქონდა. მას ახლაც ვაკვირდებოდი, მაგრამ მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვიყავი. ლიონელ მესია ერთადერთია, ვისაც აქვს ფუფუნება, მაღალი ინტენსივობის გარეშე ითამაშოს. იმედია, გიორგი ამას გამოასწორებს“,
ტაქტიკური სქემის რამდენიმე ვარიანტი გამოვცადეთ. ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ახლა გამოვიძახე, იმსახურებს აქ ყოფნას და მზად არის უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის. შევთანხმდეთ, რომ ლუქსემბურგთან მთავარი იქნება შედეგი“.
ალექსანდრე იაშვილი „ჯაბა მაგალითია იმისა, თუ რას უნდა ნიშნავდეს ფეხბურთელისთვის ეროვნული გუნდის მაისურით თამაში. გვიხარია, რომ ის კვლავ ჩვენთან ერთად იქნება და ნაკრებს დაეხმარება. ახლა მთავარია ერთიანობა!
ნაკრები საუკეთესო პირობებში უნდა იყოს. ჩავთვალეთ, რომ ჯობია, ახლა ცალკე მოვემზადოთ, ქალაქისგან მოშორებით… ამიტომ, ნაკრები საგურამოში იქნება, სუფთა ჰაერზე… სრული კონცენტრაციაა საჭირო. ეს გამოცდილება ახალგაზრდული ნაკრებიდან გვაქვს“.