Napoli's players are walking on the pitch at the Estadi Olimpic Lluis Companys in Barcelona, Spain, on March 11 on the eve of their UEFA Champions...დღეს ბარსელონაში ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩია: „ბარსა” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მასპინძლობს. პირველი შეხვედრა ნეაპოლში 1:1 დასრულდა. გუშინ, გაიმართა „აძურის” მწვრთნელის ფრანჩესკო კალცონას პრეს-კონფერენცია. გთავაზობთ მის რამდენიმე ამონარიდს:

…არ ვეთანხმები მოსაზრებას, თითქოს დღევანდელი შეხვედრა არის კვარაცხელია „ბარსელონას” წინააღმდეგ. ჩვენ ბევრი რამ გამოვასწორეთ. მე პირველი შეხვედრით კმაყოფილი ვარ, ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანი საპასუხო თამაში გველის, ეს იქნება წლის მატჩი. შემდეგ ეტაპზე გასვლა ჩვენი კლუბისთვის ბევრს ნიშნავს. ამასთან, ჩვენ სერია A-შიც უნდა გავაუმჯობესოთ გამოსვლა, რადგან ცხრილში პოზიცია უნდა გავიუმჯობესოთ…

…როგორ ვივარჯიშეთ შიშის დასაძლევად? თუ გეშინია ვერაფერს გახდები. მხნეობა ნებისმიერი მეტოქის დასამარცხებლად უნდა გეყოს. „ნაპოლი” სადაც გინდათ ადგილზე ჩავა და ტოლს არავის დაუდებს. ჩვენ ყველა შეხვედრის მოგებას შევეცდებით…

…ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლა უფრო დიდი მოტივაციაა თუ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა? დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობის მისახვედრად ხმამაღალი სიტყვების ლაპარაკი არ არის საჭირო. ყველა გუნდი ვერ აღწევს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონასთან” თამაშამდე. ჩვენ ასეთ რაღაცებზე ფიქრში დროს არ ვხარჯავთ, კონკრეტულ საკითხებზე ვმუშაობთ, რომელთაც შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობაჰქონდეთ…

…მე ბევრი არაფერი შემიცვლია. უბრალოდ, გუნდი უფრო კომპაქტურად მოქმედებს და ნაკლებ გოლს უშვებს. ჩვენ მოვახერხეთ მეტი საგოლე მომენტის შექმნაც. საკმაოდ შედეგიანებიც ვართ. თავს წინ ვიცავთ, უკან სირბილი არ მიყვარს. ამ ყველაფრისთვის კი ქების სიტყვები ბიჭებს ეკუთვნით. მათ წინ დიდი ნაბიჯები გადადგეს, მაგრამ ჯერ ბოლოში არ გავსულვართ. იქმდე, რის მიღწევაც მსურს, ჯერ ბევრი საქმეა…

…დამატებითი კოზირი? ჩვენი კოზირი გუნდურობაა. სულერთია მოედანზე 90 წუთი მოგვიწევს ყოფნა თუ 120 წუთი. ნებისმიერი ინდივიდუალური მიზანი მხოლოდ კოლექტიურად მიიღწევა. ველი, რომ ნაბიჯს გადავდგამთ წინ. ჩემი და ბიჭების ამოცანა სწორედ ეს არის. ის, რასაც აქამდე მივაღწიეთ საკმარისი არ გახლავთ…

…ბედნიერი ვარ ლობოტკა კლუბშიც რომ მყავს და სლოვაკეთის ნაკრებშიც. ვერ გეტყვით წინა მწვრთნელების დროს რა ხდებოდა, მაგრამ მე ამ ფეხბურთელს წელიწადნახევარია ვხელმძღვანელობ და ის ყოველთვის მაღალ დონეზე თამაშობს. დე იონგი? აღფრთოვანებული ვარ. ის თამაშობს თანამედროვე ფეხბურთს, ათლეტურია, ტექნიკური, ყველა საჭირო თვისება აქვს. დე იონგი „ბარსელონას” რასაკვირველია დააკლდება, მაგრამ ამ გუნდის განკარგულებაში კიდევ ბევრი ფეხბურთელია და დანაკლისის შესავსებად უეჭველად მოიფიქრებენ რამეს…