„ნაპოლიმ” სერია A-ს 28-ე ტურში „ტორინოს” უმასპინძლა. შეხვედრა დასრულდა 1:1. ნეაპოლელთაგან გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. „აძურის” ქართველმა გარემარბმა მთელი შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა. ამ მატჩში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა საბა საზონოვმა, რომელიც სტუმრების შემადგენლობაში 76-ე წუთზე გამოჩნდა. მას გარკვეულ ხანს კვარაცხელიას წინააღმდეგაც მოუწია თამაშმა და თავი ნამდვილად არ შეურცხვენია.

ქვემოთ გთავაზობთ იტალიური, მეტწილად ნეაპოლური საიტების შეფასებებსა და ქულებს. სამწუხაროდ, მათ უმეტესობას „ტორინოს” მოთამაშეებისთვის ქულები არ დაუწერია, ხოლო საიტებმა, რომელთაც სტუმრებიც შეაფასეს, ჩათვალეს, რომ საზონოვი მოედანზე ქულის დასაწერად საკმარის ხანს არ იყო.

რაც შეეხება იმ პორტალებს, რომლებიც ნიშნებს სტატისტიკაზე დაყრდნობით წერენ, მათი შეფასება ერთნაირი იყო: საზონოვი – 6,1.

ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე კი იტალიურ პორტალებს ასეთი შთაბეჭდილება დარჩათ:

calciomercato – 7: ის დაბრუნდა. უკვე ზედიზედ მესამე თამაშია გოლი გააქვს. საგოლე შეტევა თვითონ წამოიწყო და თვითონვე დაასრულა. ის ბოლო წამამდე ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთს თამაშობდა, ბურთს ითხოვდა და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა. ამ შეხვედრაში ერთადერთი ჩავარდნა მაშინ ჰქონდა, როდესაც პირველ ტაიმში საჯარიმოში შესულს მეკარე ვანია მილინკოვიჩ-სავიჩმა აუღო დარტყმული.

iamnaples – 7,5: მხეცი! გაიტანა და რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა. „ნაპოლი” მხრებით ათრია, რაღაც მომენტში მოგებას ცდილობდა. ალბათ, ერთადერთი მინუსი ის ჰქონდა, რომ ბურთი მეტოქე გუნდის მეკარეს გაარტყა ბევრჯერ.

areanapoli – 7,5: ცუდად დაიწყო, რადგან პოლიტანოს მიერ შექმნილი დიდებული შესაძლებლობით ვერ ისარგებლა. შემდეგ თავურით იყო გოლის გატანასთან ახლოს. მისი თამაში მეტოქეს წამლავდა. მეორე ტაიმში მარცხენა ფრთაზე დარბოდა და შესანიშნავად ურთიერთქმედებდა მარიო რუისთან. რუიმ მისი გადაადგილება საუცხოოდ შეაფასა და იდეალურად ჩააწოდა ბურთი საჯარიმოში, კვარაცხელიამ კი თავისი მსხვერპლი ქორივით მოინადირა. პერიოდულად მისი დაჭერა შეუძლებელი იყო. „ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისთვის მზად არის.

napolipiu – 9: ბრწყინვალეა. გოლი გაიტანა და რამდენიმე მომენტში ახლოს იყო გოლის გატანასთან. არ გაუმართლა, რადგან გზას მეკარე მილინკოვიჩ-სავიჩი უღობავდა.

calcionapoli24 – 7,5: მეათე წუთზე ტორპედო გაისროლა, მე-14 წუთზე მისი დარტყმული მილინკოვიჩ-სავიჩმა მოიგერია, 43-ე წუთზე თავურით იყო მიზანთან ახლოს. ის გადაადგილდებოდა მოედანზე, რათა დასხლტომოდა მეურვეს, იცვლიდა ფრთას და გაიტანა გოლი სერია A-ს ზედიზედ მესამე შეხვედრაში. კვარაცხელია მუდამ მზად იყო თავისი გადამწყვეტი სიტყვა ეთქვა. მეტწილად თავდახრილი უტევდა, ბურთი გაარტყა მილინკოვიჩ-სავიჩსა და ხარიხას. მოწადინების გამო ნახევარი ქულის წამატების ღრირსია.