სენსაცია კახეთში: თელავმა დინამო 4:0 გაანადგურა

ეროვნულ ლიგაში მეორე ტურის შემდეგ მხოლოდ სამი უდანაკარგო გუნდი დარჩა: „ბათუმი,“ „დილა“ და „იბერია 1999“, ცხრილის პირველ სამეულსაც ესენი შეადგენენ. ლიდერი „ბათუმია“ ბურთების უკეთესი სხვაობით.

ტურის გვიან მატჩში ანდრი დემჩენკოს შეგირდებმა „გაგრას“ მოუგეს თბილისში „დავით პეტრიაშვილზე.“

„დილამ“ ‘სამგურალი“ სტუმრად დაამარცხა, ხოლო „იბერიამ“ სეზონის ერთ-ერთ ფავორიტ „ტორპედოს“ „რამაზ შენგელიაზე“ სძლია. დუბლი მიითვალა თბილისელთა თავდამსხმელმა, გიორგი კოხრეიძემ.

კარგად დაიწყო სეზონი ტორპედოელთა ნორვეგიელმა შემტევმა ბიორნ იონსენმა. პირველ ტურში მან დუბლი შეასრულა. ამჯერადაც გაიტანა და კიდევ შეეძლო თავის გამოჩენა. ასაკის მიუხედავად (ის 32 წლისაა) სწრაფი დრიბლინგითაც მოგვაწონა თავი.

ტურის ყველაზე ხმაურიანი ამბავი კი თელავის „კავკასიონ არენაზე“ მოხდა, სადაც „თელავმა“ „დინამოს“ 4:0 მოუგო. თბილისურ კლუბს ოთხბურთიანი სხვაობით ბოლოს 13 წლის წინათ წაეგო. თუმცა, თუ დინამოელთა ახალგაზრდულ შემადგენლობას გადავხედავთ, ამ შედეგს სენსაციურს ვერ ვუწოდებთ. ეგ კი არა, მეკარე მიხეილ მაქაცარიას რომ არ ეყოჩაღა, ანგარიში გაცილებით დიდი იქნებოდა.

საინტერესოა, რომ სტუმრებს ოთხიდან ორი ბურთი ყოფილმა დინამოელმა თორნიკეებმა, მორჩილაძემ და ახვლედიანმა გაუტანეს.

თელაველებმა კი რიხით დაიწყეს და ვინძლო წლეულს მაღალი ადგილებისთვის იბრძოლონ. შეგახსენებთ, გასულ სეზონში კახელები ფლეი-აუტში მოხვდნენ და ელიტაში ადგილი ქვედალიგელ „სპაერთან“ ორმატჩიანი დაპირისპირების შემდეგ შეინარჩუნეს.

შემდეგ ტურში კი ძალიან საინტერესო შეხვედრა გველის: 10 მარტს „კლასიკოში“ „დინამო“ „ტორპედოს“ უმასპინძლებს.

 სამტრედია 1:1 კოლხეთი

0:1 კოხრეიძე (38), 1:1 უბილავა (86)

გაძევება: ტიამი (77) – კოლხეთი

ტორპედო 2:3 იბერია

0:1, 0:2 კოხრეიძე (45+3, 49), 0:3 ნონიკაშვილი (83 პენ), 1:3 ნინკოვიჩი (86), 2:3 იონსენი (90+3)

თელავი 4:0 დინამო

1:0 ცნობილაძე (10), 2:0 მორჩილაძე (23), 3:0 ახვლედიანი (45), 4:0 ხაბულიანი (82)

სამგურალი 0:1 დილა

0:1 ვაუტერი (48)

გაგრა 1:3 ბათუმი

0:1 ვიქტორი (16), 1:1 ხარებაშვილი (35), 1:2 კობახიძე (62), 1:3 უბილავა (80 საკ. კარში)

მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია) – 3, გიორგი კოხრეიძე, შოთა ნონიკაშვილი (ორივე – იბერია 1999), ტაირელ ვოუტერი (დილა, ნიდერლანდები) – 2

წილი
წინა სტატიარას უპირებენ მარადონას?
შემდეგი სტატიადაბრუნება ექსტრაკლასაში
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.