ვიქტორ ოსიმენი თვითნაბადი ფორვარდია, მაგრამ პენალტისტი არ არისო, წერს პორტალი calcionapoli24 და ნიგერიელის დარტყმულ თერთმეტმეტრიანებს განიხილავს. ოსიმენის პენალტისტობის ამბავი კი ახალი ძალით სერია A-ს ბოლო ტურში, „იუვენტუსთან” თამაშის დროს წამოიჭრა. მოგეხსენებათ 2:1 მოგებულ შეხვედრაში მან თერთმეტმეტრიანი თავად მოიპოვა და თავადვე დაარტყა, მაგრამ ვაგლახ… კიდევ კარგი დამატებაზე ყველას ჯაკომო რასპადორიმ დაასწრო და გოლი შეაგდო.
საიტი „მარადონაზე” შეკრებილი გულშემატკივრის განწყობასაც გვაცნობს: როდესაც გულშემატკივრებმა დაინახეს, რომ პენალტის დასარტყმელად ბურთი თავად ნიგერიელმა აიღო, ტანში შიშმა დაუარათო. მაინც რამდენი პენალტი დაარტყა ოსიმენმა „ნაპოლის” მაისურით და როგორ შეასრულა ეს დარტყმები?
ნაპოლი – ლივერპული 4:1. მეკარისგან მარჯვნივ დაარტყა, მაგრამ კუთხეში ვერ დაუმიზნა (ვერ გაიტანა).
ნაპოლი – ფიორენტინა 1:0. დაარტყა მეკარისგან მარცხნივ, მაგრამ ნელა და არასახარბიელო კუთხით (ვერ გაიტანა). იმავე შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას წაქცევისთვის დაინიშნა კიდევ ერთი პენალტი, რომელიც ისევ ოსიმენმა დაარტყა. ამჯერადაც მეკარისგან მარცხნივ, მაღალ კუთხეში. მეკარე საპირისპირო მიმართულებით გადახტა (გაიტანა).
ნაპოლი – სამპდორია 2:0. პენალტი სწორ ადგილას დაუმიზნა, მაგრამ მეკარეს მოგერიებამდე ცოტა დააკლდა (გაიტანა).
ნაპოლი – სასუოლო 2:0. პენალტი დაარტყა ძლიერად, მეკარისგან მარჯვნივ, მაღალ კუთხეში. მეკარე საპირისპირო მიმართულებით გადახტა (გაიტანა).
ბოლონია – ნაპოლი 0:0. მეკარისგან მარცხნივ ძლიერად დარტყმული ბურთი კარს აცდა (ვერ გაიტანა).
ნაპოლი – ფიორენტინა 1:3. თავისივე მოპოვებული პენალტი დაარტყა მეკარისგან მარცხნივ, თუმცა არც მთლად კუთხეში. მეკარე კინაღამ მიწვდა (გაიტანა).
ნაპოლი – იუვენტუსი 2:1. თავისივე მოპოვებული პენალტი დაარტყა დაბლა, სუსტად და არც მთლად კუთხეში (ვერ გაიტანა).
შედეგი: ოთხი გოლი და ოთხი შეცდომა. ტექნიკურად მისი დარტყმები არის დაუხვეწავი, სარისკო, არ აქვთ სასურველი მიმართულება.
დასკვნა: ოსიმენი რამდენადაც ძლიერია სათამაშო სიტუაციებში, იმდენად არ გამოსდის პენალტის დარტყმა.
შემდეგ კი calcionapoli24 ახსენებს ნეაპოლელთა სხვა პენალტისტებს, კერძოდ მატეო პოლიტანოს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯაკომო რასპადორის. პოლიტანომ 6 პენალტიდან 5 გაიტანა, კვარაცხელიამ ხუთიდან სამი, ხოლო რასპადორიმ ერთი დაარტყა და შეაგდო. იყო კიდევ ერთი დამრტყმელი — პიოტრ ჟელინსკი, მაგრამ იმის გამო, რომ ის „ინტერში” გადადის და კლუბის ხელმძღვანელობამ ფაქტობრივად მოიძულა, საეჭვოა, პენალტის ნიშნულს გაეკაროს. როგორც ხედავთ, „ნაპოლის” კარგი პენალტისტი არ ჰყავს. თვით ლუჩანო სპალეტიც კი როტაციას მისდევდა და შესაძლოა სეზონის დარჩენილ შეხვედრებში გუნდმა იმავე ხერხს მიმართოს.