Danilo of Juventus fights for the ball with Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli during the Serie A match between SSC Napoli and Juventus at Stadio...„ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა „საფეხბურთო ბიზნესის სამიტზე” „იუვენტუსის” წინააღმდეგ გაილაშქრა. მან თქვა, რომ ტურინელები ფიფას მომავალ, გაფართოებულ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაშვები არ არიან. მეორე დღეს, რადიო Kiss Kiss Napoli-მა გაავრცელა ცნობა, რომ დე ლაურენტისის ვექილებმა საბუთების შეგროვება დაიწყეს. მათი მიზანია ფიფას „იუვე” შეჯიბრების შესაძლო მონაწილეთა სიიდან წააშლევინონ.

ზემოთ ნახსენები სამიტი ინგლისურმა გაზეთმა Financial Times-მა ლონდონში მოაწყო. ფეხბურთთან დაკავშირებულმა სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესმენებმა განსხვავებულ საკითხებზე იმსჯელეს. დე ლაურენტისმა მისთვის საინტერესო თემებზე ილაპარაკა:

„ათი წლის წინ მე საფეხბურთო სამყაროს შევთავაზე საკლუბო შეჯიბრება, რომლის ფორმატიც ჩემპიონთა ლიგის ფორმატისგან სრულიად განსხვავებული იქნებოდა. მასში გუნდები თავიანთ ეროვნულ ჩემპიონატებში ნაჩვენები შედეგის მიხედვით მიიღებდნენ მონაწილეობას. ახლა სუპერლიგას გვთავაზობენ. მე მას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივემხრობი თუ დემოკრატიული იქნება. თუკი მის საფუძველში ჩაიდება დამსახურებები და არა „გვარიშვილობა”. გვეუბნებიან, რომ სუპერლიგა 2025 წელს ამოქმედდება. ვნახოთ”.

შემდეგ „ნაპოლის” პრეზიდენტმა თქვა, რომ მისმა კლუბმა წელიწადი 83 მილიონი ევროს მოგებით დაასრულა და ბოლოს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის გაფართოებულ ვერსიაზე ილაპარაკა.

„ჩვენ გვითხრეს, რომ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონას” უნდა გავცდეთ, შემდეგ მეტოქესთან კი მოვიგოთ ან ფრედ ვითამაშოთ. ჩემი აზრით „ნაპოლი” შეჯიბრებაში მონაწილეობას ყველა ვარიანტში იმსახურებს, რადგან „იუვენტუსი” ევროთასებიდან დისკვალიფიცირებულია. ვწუხვარ, მაგრამ უეფას „იუვე” დასჯილი ჰყავს. მან ის თავისი შეჯიბრებებიდან მოკვეთა. შესაბამისად ტურინელებმა კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა ვერ უნდა მიიღონ”.

შეგახსენებთ, რომ იტალიიდან კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება აქვს ორ კლუბს. გადაწყვეტილია, რომ ამ ორიდან ერთი „ინტერია”, მეორე კი ან „იუვე” იქნება ანაც „ნაპოლი”.