გასული უქმეები მეტად ნაყოფიერი გამოდგა საფრანგეთის ელიტურ ლიგებში მოასპარეზე ბორჯღალოსნებისთვის. ტოპ 14-ის მე-16 და პრო დ2-ის 21-ე ტურებში ჯამში 6 ქართული ლელო დაფიქსირდა და ზედაც ერთი უმნიშვნელოვანესი საჯარიმო დარტყმაც გავიდა.
ტოპ 14
„მონპელიემ“ „ბაიონს“ უმასპინძლა, 28:23 დაამარცხა, თუმცა ბოლოსწინა ადგილს ვერ აცდა. მასპინძელთა შორის ლუკა ჯაფარიძემ ნაკრებში გამოძახება კარგი თამაშით აღნიშნა, თანაც ტოპ 14-ში მე-40 მატჩი ჩაატარა. სტუმართა შორის კი მეორე ტაიმში გელა აფრასიძე გამოჩნდა, რომელმაც ასევე მე-40 მატჩი გამართა ევროპის უძლიერეს ლიგაში, თუმცა მთავარი ისაა, რომ უკვე გაწითლებულ დროში, როცა „მონპელიე“ 28:20 იგებდა, გელამ ძალიან შორი მანძილიდან თავისი საფირმო ზედარტყმა შეასრულა და გუნდს სანუგეშო ბონუსი მოუტანა. ამ ჯარიმის ჩათვლით, გელას ანგარიშზე ხსენებულ 40 მატჩში უკვე 45 ქულა დაგროვდა.
„ლიონში“ კი დავით ნინიაშვილმა მორიგი ბენეფისი მოიწყო და, ცხადია, ტურის სიმბოლურში მოხვდა – ვარსკვლავმა უკანახაზელმა 27-ე და 70-ე წუთებზე წყვილი ლელო დადო და თავის გუნდს „ოიონაქსთან“ ბონუსიან გამარჯვებაში (43:20) დიდი დახმარება გაუწია. დათუნას მეორე ლელო განსაკუთრებული გამოდგა და რაღა თქმა უნდა, შედევრების კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ. ერთ-ერთმა ლიონელმა საკუთარ ნახევარზე საბრძოლო მაღალი ბურთი დაისაკუთრა, შეიბოჭა, მაგრამ ნინიაშვილი იქვე იყო, ბურთი აიტაცა და ისე მძლავრად გაიქცა, მისი შეჩერება თითქოს შეუძლებელი ჩანდა, თუმცა, უკვე სტუმართა 22-ში „ნინის“ წელში მეტოქე შეუვარდა და ქართველმა ბურთი პარალელურად მოძრავ თანაგუნდელს გადასცა, მბოჭავი ამ უკანასკნელზე გადავიდა და მანაც ბურთი ნინიაშვილს დაუბრუნა, რომელმაც აკრობატულ ნახტომში ხაზსიქით დაამიწა. ამ ამბის მოყოლას უფრო მეტი დრო მიაქვს, ვიდრე ლიონის ამ ულამაზესი შეტევის განხორციელებას. დავითი რომ ნამდვილ ვარსკვლავად ჩამოყალიბდა, ამაზე უკვე მისი შედეგიანობაც მეტყველებს – ჩემპიონატში გამართულ 11 თამაშში მის ანგარიშზე უკვე 6 ლელოა, ხოლო ჯამში ტოპ 14-ის 34 შეხვედრაში მან უკვე 15 ლელო მიითვალა!
პრო დ2
მეორე ელიტურ ლიგაში კი ერთბაშად 4 ლელო იზეიმეს ქართველმა მორაგბეებმა.
ტურის სასტარტო მატჩში ერთმანეთს ლიდერები – „ვანი“ და „ბეზიე“ დაუპირისპირდნენ. მასპინძელმა ვანელებმა ბონუსით – 43:17 იმარჯვეს და მეტოქეს პირველადგილოსნობა ჩამოართვეს. ბეზიელთა ერთ-ერთი ლელო ნაკრებიდან დაბრუნებული გიორგი ახალაძის ანგარიშზეა – მე-11 წუთზე მან მეტოქეთა დაცვის ჩეჩქვა ბურთის ჩათვლის მოედანზე დადებით დააგვირგვინა და ეს იყო მისი მე-2 ლელო მიმდინარე სეზონში, სულ კი ქართველი ბურჯის ანგარიშზე პრო დ2-ში გამართულ 56 მატჩში 5 ლელოა.
„ბრივმა“ „ვალანს რომანი“ პრემიალური ქულით დაამარცხა – 29:3. გამარჯვებულთა სასტარტოში ტრავმამოშუშებული ვახტანგ აბდალაძე გამოჩნდა, რომელიც 50-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ 69-ეზე თამაშში დააბრუნეს და გაწითლებულ დროში ირლანდიაში გაზრდილმა ბურჯმა სეზონში თავისი მე-2 ლელო მიითვალა.
და ბოლოს, „ბიარიცის“ ქართველი მესამეხაზელის დუბლის შესახებაც ვთქვათ. თორნიკე ჯალაღონია, ცხადია, სასტარტოში იყო და შეუცვლელადაც ითამაშა, 47-ე და 61-ე წუთებზე ერთმანეთის მსგავსი ლელოები გაიტანა – ჯერ ლელოს ხაზის გასწვრივ სწრაფი ბურთაობა ჩათვლის მოედანში შევარდნით დაასრულა, მერე კი შერკინებიდან გამოიტანა ბურთი და ჩვეულ სტილში – სწრაფად, მძლავრად და ტექნიკურად რამდენიმე მეტოქეს გასცდა და მიზნამდე ასელამაზად მისვლა მოახერხა. თორნიკეს სეზონური ანგარიში 7 მატჩში 3 ლელოს გაუტოლდა, სულ კი ჯალაღონიას პრო დ2-ში 39 მატჩში 10 ლელო აქვს გატანილი. სამწუხაროდ, დიადი ბასკური კლუბი კოლომიეში დამარცხდა – 14:51 – და ცხრილის წითელ ზონაში მე-15 ადგილზეა.