„ნაპოლის” კარგი დროება არ უდგას. კლუბმა მიმდინარე სეზონში მესამე მწვრთნელი მიიყვანა — ამჯერად ვალტერ მაცარი ფრანჩესკო კალცონათი შეცვალა. კალცონა „აძურის” პარალელურად სლოვაკეთის ნაკრებს წვრთნის. ნეაპოლელთა თავკაცის რანგში მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ბარსელონას” წინააღმდეგ შედგა. ამ შეხვედრაში „ნაპოლი” შინ წაგებას გადაურჩა — 1:1.

Francesco Calzona head coach of Napoli reacts during the UEFA Champions League 2023/24 round of 16 first leg match between SSC Napoli and FC...მიმდინარე საკითხებთან ერთად „პარტენოპეელები” ზაფხულისთვის ემზადებიან — კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ახალ თავკაცს ეძებს. ცნობილია, რომ მის მიერ შერჩეულ კანდიდატთა სიაში არის „ბოლონიას” მწვრთნელი ტიაგო მოტაც, რომლის გუნდი ჩინებულად თამაშობს, 26 ტურის შემდეგ მე-4 ადგილზეა. მოტას აგენტმა დარიო კანოვიმ თავისი კლიენტისა და „ნაპოლის” შესაძლო თანამშრომლობისა და ზოგადად „აძურის” პრობლემების შესახებ Tuttomercatoweb-თან ასე ილაპარაკა:

„ნეაპოლელებს მაღალი დონის მწვრთნელის შოვნა ძალიან გაუჭირდებათ. იქ მისვლა არავის უნდა. ძალიან მეეჭვება ანტონიო კონტემ ან მისი კალიბრის რომელიმე სპეციალისტმა „ნაპოლის” სათავეში ისურვოს ჩადგომა, რადგან ამ კლუბში პრეზიდენტი მწვრთნელის საქმეებში უხეშად ერევა, ეს კი ძნელი გასაძლებია.

კალცონა? მე მას პირადად არ ვიცნობ და ამიტომ ვერ განვსჯი. ვიცი, რომ აქამდე სულ ასისტენტი იყო, ამიტომ სასწაული თუ არ მოხდა ის „ნაპოლისთვის” დროებითი ვარიანტია. ამ ადამიანს იტალიის ჩემპიონის გაძღოლისთვის საჭირო გამოცდილება არ აქვს”.

შეგახსენებთ, რომ დღეს კალიარიში შედგება ფრანჩესკო კალცონას დებიუტი სერია A-ში. „აძური” მე-9 ადგილზეა, „ტორინოს” მსგავსად 36 ქულა აქვს, თუმცა თამაში აკლია. ხვიჩა კვარაცხელიასა და საბა საზონოვის გუნდები ზემოხსენებულ „ბოლონიას” 12 ქულით ჩამორჩებიან. მე-4 ადგილი კი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ გუნდი, რომელიც საბოლოო ცხრილში ამ პოზიციას დაიკავებს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოხვდება. სწორედ ეს ამოცანა დგას კალცონას წინაშე, თუმცა მისიის შესრულება უკვე ძალიან რთული ჩანს.