„ავჭალაზე“ გამართულ მატჩში საქართველოს სარაგბო ნაკრების უპირატესობა ეჭვს წამითაც არ იწვევდა, არადა ბორჯღალოსნები ესპანელებთან ჯახში მხოლოდ 37-ე წუთზე დაწინაურდნენ, როცა თენგიზ პერანიძემ ბურთის რაქიდან გამოტანისას დაქნევით მთელი ესპანური დაცვა გააბითურა და 9 ნომრისთვის კლასიკური ლელო გაიტანა. ეს იყო პერანიძის პირველი ლელო მე-3 სანაკრებო მატჩში. ლუკა მატკავამ გარდასახა და ანგარიში 7:3 გახდა, რადგან 21 წუთზე ესპანელებმა ჯარიმით დაწინაურება მოასწრეს. როგორც ბოლოს გამოჩნდა, ეს იყო „ლომების“ პირველი და ბოლო შედეგიანი მოქმედება. მატჩის მთელი დარჩენილი დრო ქართველებმა შეტევაში გაატარეს, ესპანელებმა – დაცვაში. თუმცა, პირველი ტაიმი ხსენებული ანგარიშით დასრულდა.
უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ნახევარში შოტლანდიელმა რეფერიმ ქართველთა შერკინების დომინაციისას ესპანელთა მხრიდან წესების განუწყვეტლივ დარღვევაზე თვალს ხუჭავდა, სტუმრებს ინდობდა, მაგრამ მეორე ტაიმის პირველივე წამებიდან ბორჯღალოსნების წნეხი სტუმრებისთვის ზედმეტად მძიმე აღმოჩნდა, თუმცა მანამდე, 48-ე წუთზე აკა ტაბუცაძემ თავისი მოკლე სპრინტი ჩართო და ნაკრებში 38-ე მატჩი 32-ე ლელოთი აღნიშნა. მატკავამ ააცილა – 12:3.
5 წუთში კი ის მოხდა, რასაც ვერცერთი მსაჯი გვერდს ვერ აუვლიდა – სტუმრებმა ქართული მოლი უხეშად ჩააქციეს, საჯარიმო ლელო დაფიქსირდა და ზედაც დამრღვევ 8 ნომერს ყვითელი ბარათი აუფრიალეს.
სულ რაღაც 2 წუთში კი ესპანელები ორკაცნაკლულნი დარჩნენ – გადაცემის ჩაჭრისთვის სინბინის გზას სტუმართა ფულბექიც გაუყენეს. გასაკვირია, მაგრამ ორკაციანი რიცხობრივი უპირატესობა ბორჯღალოსნებმა ვერ გამოიყენეს და ლელოს გატანა ესპანელი 8 ნომრის დაბრუნების შემდეგღა შეძლეს – გიორგი კვესელაძემ ფლანგზე სანდრო თოდუასგან პასი ვერ მიიღო, თუმცა ბურთი ლელოში ფეხით შეიგორა და იქვე ზედ დაახტა – 24:3. ეს იყო კვესელაძის მე-8 ლელო 55-ე სანაკრებო მატჩში, ხოლო ლუკა მატკავამ კიდიდან კვლავ ააცილა. არადა, რომ გაეტანა, მისი სანაკრებო მონაგარი 100 ქულამდე გაიზრდებოდა.
თუმცა, ბორჯღალოსნებს „იუბილარი“ მაინც აღმოაჩნდათ – შეცვლაზე შესულმა თედო აბჟანდაძემ 50-ე სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და ქართველთა ბოლო ორი ლელოს გარდასახვაც მას დაეკისრა. ორივე ზუსტი გამოდგა და თედოს მონაგარმა 347 ქულას უწია.
ეს ლელოები უკვე დემორალიზებულ ესპანელებს მიხეილ ბაბუნაშვილმა და დემურ თაფლაძემ დაუდეს. პირველმა 77-ე წუთზე მოლით შეტევა დააბოლოვა და მე-5 კეპს მე-2 სანაკრებო ლელო დაურთო, ხოლო დემემ ირაკლი აფციაურისგან საკუთარ ნახევარზე მიიღო ბურთი და ყველას და ყველაფერს გაექცა. ეს იყო თაფლაძის მე-3 ლელო 34-ე სანაკრებო მატჩში.
საბოლოო ანგარიში – 38:3 და საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 14 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზუსტად ორ კვირაში „ავჭალაზე“ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ნახევაფინალური მატჩი შედგება, რომელშიც ბორჯღალოსნები ან პორტუგალიას უმასპინძლებენ, ან რუმინეთს.