„ნაპოლის” მწვრთნელებმა ვიქტორ ოსიმენი „ჯენოასთან” დღევანდელი შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანეს. ის „ნაპოლის” მაისურით მოედანს ოთხშაბათს, „ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაუბრუნდება. ის, რომ ოსიმენი სერია A-ს შეხვედრაში არ ითამაშებდა ცხადი პარასკევს გახდა, როდესაც ნიგერიელმა გუნდისგან დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად ივარჯიშა.

ოსიმენი „ბარსელონასთან” შეხვედრამდე მოედანზე რომ არ გამოჩნდება, „სქაი სპორტის” გადაცემაში ერთ-ერთმა მწვრთნელმა მასიმო უგოლინიმაც დაადასტურა.

„ვიქტორ ოსიმენი დღევანდელი შეხვედრის განაცხადში არ არის. გულშემატკივრები მას „ბარსელონასთან” იხილავენ. ასეთი გადაწყვეტილება ლოგიკურია. ის სიფრთხილით არის განპირობებული. გადატვირთვისგან ფეხბურთელი შეიძლება დაშავდეს. ოსიმენი აფრიკის ერთა თასიდან გადაღლილი დაბრუნდა. ნეაპოლში ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ მას აღდგენისთვის დრო სჭირდებოდა. უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მასთან ჩატარდება მუშაობა, რომლის მიზანი ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მომზადება იქნება. ვიქტორი კასტელ ვოლტურნოში დღის ორის თხუთმეტ წუთზე გამოცხადდა და მართალია მისმა გაჭიანურებულმა დაბრუნებამ გაღიზიანება გამოიწვია, ფეხბურთელის სახეზე მყისვე ღიმილი გამოისახა. ის ვალტერ მაცარის ელაპარაკა და ძალთა აღდგენის გეგმა მათ ერთად დასახეს”, — თქვა უგოლინიმ.