არ ცხრება დავა-კამათი „ნაპოლის” გარშემო. რადიო „ნაპოლი ჩენტრალეს” გადაცემში „უნ კალჩო ალა რადიო” ჟურნალისტმა უმბერტო კიარელომ თავისი მოსაზრებები წაიკითხა:
„ვალტერ მაცარის სულელ მოსამსახურეებს მინდა შევახსენო, რომ მე პირადად მისი საწინააღმდეგო არასდროს არაფერი მქონია. როდესაც ის „ნაპოლის” მწვრთნელად დაინიშნა ჩვენ ის გულთბილად მივიღეთ, როგორც ბიძია, რომელიც ოდესღაც გვიყვარდა და რომელმაც თავის დროზე კეთილი მოგონებები დატოვა. რომელმაც საქმე კარგად გააკეთა და ისტორიაში დადებითი კვალი დატოვა. ვინც მაცარის კარგად არ იცნობს, შეუძლია წაიკითხოს 2014 წელს გამოცემული წიგნი „საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის”, სადაც ის „ინტერის” მწვრთნელად დანიშვნისთვის მადლობას უხდის მილანელთა მაშინდელ პრეზიდენტ მასიმო მორატის და თვითკმაყოფილებას ასხივებს, რადგან სრულიად დარწმუნებულია, რომ თავად აღმავლობის გზაზე შემდგარი მწვრთნელია, რომელსაც დიდი წარმატებები ელის. სამწუხაროდ, უმჯობესი იქნებოდა ეთქვა: „ყველაფერი უკან არის”, რადგან შემდგომი ათი წლის განმავლობაში მაცარიმ წარმატებას ვერ მიაღწია. ხალხი ვითარდება და უნდა ითქვას, რომ პრეს-კონფერენციებზე მასთან ურთიერთობა ახლა გაცილებით ადვილია, ვიდრე ადრე, როდესაც მჟავე სახით იჯდა, მაგრამ მისი სიტყვები უმეტესობას არ ესმის. ასე მაგალითად, ამასწინათ მან თქვა, რომ „ვერონასთან” „ნაპოლიმ” კარგად ითამაშა, ხოლო საქმეები ჩინებულად მიდის. მინდა ბატონ მაცარის ვუთხრა, რომ თუ ასე ცოტათი კმაყოფილდება, ნეაპოლელებს მაინც სცეს პატივი. მათ 15 შეხვედრიდან 9 წაგება არ აკმაყოფილებთ. ნეაპოლელებს სწყინთ, რომ მათ გუნდს სტუმრად აგერ უკვე ხუთი შეხვედრაა გოლი არ გაუტანია — ასეთი რამ 40 წელია არ მომხდარა. ნეაპოლელებს არ მოსწონთ, რომ ბოლო 5 შეხვედრაში მათმა ფეხბურთელებმა კარში სულ რვაჯერ დაარტყეს.
გუნდი, რომელშიც თამაშობენ სიმეონე, რასპადორი, ლინდსტრომი, ნგონგე, პოლიტანო, კვარა, ტრაორე და ჟელინსკი 5 შეხვედრაში კარში მხოლოდ რვაჯერ არტყამს და გოლი ვერ გააქვს… „მილანთან” კი სათადარიგოთა სკამზე 135 მილიონი ევრო იჯდა: პოლიტანო, ნგონგე, ლინდსტორმი, რასპადორი და ტრაორე. და დე ლაურენტისი ამ მწვრთნელის გაშვებას არ ფიქრობს.
კითხულობენ, რატომ უნდა დავნიშნოთ „ნაპოლის” თავკაცად ფაბიო კანავარო, თუკი მან წარმატებას „ბენევენტოშიც” კი ვერ მიაღწიაო. გასაგებია, მაგრამ „რომამ” რატომ დანიშნა დე როსი? რა გააკეთა დე როსიმ „სპალში” ასეთი? ბარიში კანავარო არ უნდათ იმიტომ, რომ ნეაპოლელია. სალერნოში კანავარო არ უნდათ იმიტომ, რომ ნეაპოლელია. გამოდის, რომ სამხრეთ იტალიაში საკუთარ თავს ვუწყობთ რასიზმს. გთხოვთ ამიხსნათ, რას გააფუჭებს კანავარო იმაზე მეტად, რასაც მაცარი აფუჭებს? გუნდის საშუალო მონაგარი ერთ თამაშში 1,27 ქულაა. ნუთუ შესაძლებელია, რომ კანავაროს ხელმძღვანელობით გუნდმა ეს შედეგიც კი ვერ აჩვენოს? არა ბატონებო, თქვენ ფეხბურთს უკუღმა ხედავთ. მწვრთნელის ცვლილება უარყოფითად მხოლოდ მაშინ მოქმედებს, რომელიც გუნდი ნებდება. არადა, წინ ჯერ კიდევ 15 შეხვედრაა. რატომ არ უნდა ვცადოთ?
და კიდევ ერთი: ნუთუ ოსიმენის დაბრუნება საკმარისია იმისათვის, რომ საქმეები სასიკეთოდ შემობრუნდეს? მეეჭვება. თუ მაცარი გააქტიურდება დაე დარჩეს, მე მის მიმართ ანტიპათიას არ განვიცდი. თუკი ვინმეს ვუტევ, ამას აუცილებლად პროფესიული ეთიკის დაცვით ვაკეთებ. დღეს „ნაპოლისა” და მაცარის წარმატებით გახლავართ დაინტერესებული, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: მწვრთნელმა გუნდი მოსაგებად უნდა ათამაშოს და არა წაგების თავიდან ასარიდებლად. დროა მოედანზე ლინდსტრომი ვნახოთ. დროა კვარას სხვა თანაგუნდელები გამოუჩნდნენ. ვინ თქვა, რომ გუნდის ოთხი შემტევით თამაში არ შეიძლება? ვინ აკრძალა? მაცარი, თუ გინდა, რომ ამ გუნდის გაძღოლა გააგრძელო, შენი ვაჟკაცობა უნდა გვაჩვენო. ახალი არგუმენტებია საჭირო. ახლა ან არასდროს”.