17 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს. „ავჭალაზე“, 16 საათზე ბორჯღალოსნებისა და ესპანელი „ლომების“ რიგით 25-ე მატჩი დაიწყება. წინა 24 მატჩიდან 20 ქართველთა გამარჯვებით დასრულდა, 3 თამაში ესპანეთის ნაკრებმა მოიგო და ერთიც ფრედ დასრულდა. ამ სტატისტიკიდან გამომდინარე იკვეთება, რომ ესპანეთი სულაც არაა სერიოზული მეტოქე, მაგრამ სინამდვილე სულ სხვაგვარია.

ეს გუნდი ყოველთვის საკმაოდ კარგი მორაგბეებითაა ხოლმე დაკომპლექტებული, თუმცა მას შემდეგ, რაც „ვორლდ რაგბის“ გადაყვეტილებით, არალეგიტიმური უცხოელის დამატებისა და ოფიციალურ მატჩში დასაქმების გამო ესპანელები მსოფლიო თასის მიღმა დარჩნენ, იმედგაცრუებულმა და გულდაწყვეტილმა მორაგბეებმა ნაკრებზე ხელი ჩაიქნიეს და გუნდის ხელმძღვანელებს ახალი ნაკრების შენება უწევთ.

ამიტომაც იყო, რომ მიმდინარე ტურნირის სასტარტო შეხვედრაში ესპანეთი შერცხვენას რის ვაი-ვაგლახით გადაურჩა – ბოლო წამებზე ნიდერლანდელებს ჯარიმა რომ გაეტანათ, ისინი მოიეგბდნენ და არა „ლომები“. 18:20 და ესანეთის ნაკრებმა რენომე შეინარჩუნა. მეორე ტურში გერმანელებს საკუთარ მოედანზე ბონუსით კი მოერივნენ, მაგრამ ნიდერლანდებთან თავიდან აცილებული ფიასკო ჯერაც ყველას ახსოვს.

საქართველოს ნაკრებმაც იგივე მეტოქეები დაამარცხა, ასევე 9 ქულას მოუყარა თავი და პირველ ადგილზე მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებითაა. ასე რომ, ავჭალაში ჯგუფის პირველადგილოსნის ბედი წყდება, რაც, ამავდროულად, ნახევარფინალში საკუთარი მოედნის უპირატესობას იძლევა. ასე რომ, დიდი ალბათობით, „ავჭალაზე“ მარტის პირველ უქმეებზე კიდევ ერთი სანაკრებო მატჩი გაიმართება.

თუმცა, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, სჯობს, ჩვენი გუნდის სიახლეებზე ვისაუბროთ. რიჩარდ კოკერილის სამწვრთნელო შტაბმა რაზმს კიდევ ორი მესამეხაზელი დაამატა – ახალგაზრდა იოანე იაშაღაშვილი და გამოცდილი ოთარ გიორგაძე. იო იო ამ უქმეებზე თავის „ვალანს რომანს“ დაეხმარება, აი, ოთია კი ნაკრების მარქაფაში იქნება და ესპანელებთან შეცვლაზე შევა. ბექა გორგაძე და გიორგი ჯავახია თავიანთ ფრანგულ კლუბებს დაუბრუნდნენ და ორი ახალი კაცი სწორედ მათ ადგილს დაიკავებს გაფართოებულ რაზმში.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესპანეთთან მატჩში

  1. გიორგი ახალაძე (ბეზიე, 2 მატჩი, 0 ქულა), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე, 9, 10), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 41, 20), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4, 5), 5. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 53, 5), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი, 4, 10), 7. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 35, 30), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 29, 25), 9. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი, 2, 0), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 16, 96), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი, 110, 90), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კფპიტანი, 101, 95), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი, 54, 35), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 37, 155), 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 29, 50).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 4, 0), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 1, 0), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი, 4, 0),19. გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი, 10, 10), 20. ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 41, 50), 21. მიხეილ ალანია (ორიაკი, 10, 5), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 49, 343), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 33, 10).