დაიწყო ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი და საქართველოს დელეგაციის ყულაბაში უკვე ორი მედალია – ვერცხლი და ბრინჯაო.
პირველი მედალი რამინ შამილიშვილმა (55კგ.) მოგვიტანა, რომელიც ზედიზედ მეორედ ვერცხლის მფლობელი გახდა. შამილიშვილმა ჯამში 241 კილოგრამი მოაგროვა და მხოლოდ მასპინძელ ანგელ რუსევს (244კგ.) ჩამორჩა. ბრინჯაო კიდევ ერთმა ბულგარელმა ჯან ჟარკოვმა (235კგ.) ირგუნა.
ამავე წონით კატეგორიაში ძალები კიდევ ერთმა ქართველმა ძალოსანმა გოდერძი ბერდელიძემ მოსინჯა, თუმც მან თითო მოძრაობაში თითო მისვლა გამოიყენა და 230 ქულით მე-6 ადგილს დასჯერდა.
შემდეგ ფიცარნაგზე შოთა მიშველიძეც (61) გავიდა და ბრინჯაოს მედალს აიღო. ჩვენებური მესამე იყო ატაცში, აკვრაში – მეოთხე და ჯამში 272 კილოგრამით მესამე ადგილზე გავიდა. 1-2 ადგილები მასპინძლებმა გაინაწილეს: ჩემპიონი გაბრიელ მარინოვი (281კგ.) გახდა, ხოლო ივან დიმოვი (280კგ.) მეორეზე გავიდა. 14 თებერვალს ქართველთაგან ფიცარნაგზე გოგა ჩხეიძეს (67 კგ.) ვიხილავთ.