„სან სიროზე” „მილანთან” 0:1 დამარცხებამ „ნაპოლის” მდგომარეობა გაართულა. „პარტენოპეელებმა” სტუმრად ბოლო ხუთ შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვეს, გოლი კი არ გაუტანიათ. სათამაშო სქემის შეცვლა ვალტერ მაცარის გუნდისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ნეაპოლელთა მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელიას ცენტრში შეწევით „მილანის” გაკვირვება და შეტევის გამრავალფეროვნება სცადა, მაგრამ დამარცხდა.
spazionapoli-ს თქმით „ნაპოლის” მეორე ტაიმი მაინც უკეთესი გამოუვიდა. ფეხბურთელებს უგულოდ თამაშში ვერ დავადანაშაულებთ. „აძური” არცთუ ხანმოკლე მონაკვეთებში ცდილობდა წონასწორობის აღდგენას, თუმცა თეო ერნანდესის გოლი „როსონერისთვის” საკმარისი აღმოჩნდა სამი ქულის მოსაპოვებლად.
„სან სიროზე” შეხვედრას ესწრებოდა „ნაპოლის” მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი, რომელმაც თავისი თვალით უყურა „დიდ შეხვედრაში” მისი გუნდის მორიგ წარუმეტებლობას. რაც „ნაპოლის” მწვრთნელად მაცარი მუშაობს, იტალიის ჩემპიონმა კონკურენტთაგან მხოლოდ ერთი, „ატალანტა” დაამარცხა — 2:1 (პირველი გოლი კვარაცხელიამ გაიტანა). ამის გარდა იყო ფრეები „რომასთან” და „ლაციოსთან”, სხვა ყველა „პრინციპული მატჩი” კი მოწინააღმდეგის გამარჯვებით დასრულდა.
და როგორც „სქაი სპორტმა” თქვა, დე ლაურენტისმა მაცარისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო — ზაფხულში ტოსკანელს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს. თუმცა, მიმდინარე სეზონს, სავარაუდოდ, მაცარი ჩაამთავრებს. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასე ჩანს.
ESPN-მა კი თავის მხრივ შეგვახსენა: „ნოემბერში, როდესაც „ნაპოლის” მწვრთნელის თანამდებობაზე რუდი გარსია შეცვალა, მაცარიმ პირობა დადო, რომ მის საყვარელ სამმცველიან დაცვაზე არ გადავიდოდა, რადგან ეს „აძურის” სტილი არ იყო. 62 წლის მწვრთნელმა სიტყვა მალევე გატეხა და კვირას „სან სიროზე” გუნდი 3-5-2 სისტემით გაიყვანა, რამაც „ნაპოლის”, რომელმაც 4-3-3 სქემით რამდენიმე წელიწადი შესანიშნავად ითამაშა, დიდი შედეგი ვერ მოუტანა. ჩემპიონს იდეები აკლდა. შესვენების შემდეგ კი მწვრთნელმა გუნდი 4-3-3 სქემას დაუბრუნა და აბა თუ მიხვდებით რა მოხდა? „აძირი” გაცილებით უკეთ ათამაშდა. მართალია, ეს ანგარიშის გათანაბრებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, მაგრამ სულ მცირე ნეაპოლელებმა „მილანის” პრესის ქვეშ მოქცევა მაინც სცადეს. შეხვედრის მიწურულს მათ ბურთი ძელსაც მოარტყეს და რეალურად სახიფათონი იყვნენ”.