Green Bay Phoenix guard Khalil Small puts up a shot against Wright State Raiders guard Joe Thomasson during the Horizon League men's basketball...საქართველოს კალათბურთის ნაკრებში 30 წლის ჯო ტომასონი ითამაშებს.

ტომასონმა ეს სეზონი ესპანურ „გრანადაში“ დაიწყო, რამდენიმე დღის წინ კი ისრაელის საუკეთესო კლუბში თელ-ავივის „მაკაბიში“ გადავიდა. კარიერის განმავლობაში კი ცხრა გუნდში აქვს ნათამაშები. ევროპული კარიერა ბუქარესტის „დინამოთი“ დაიწყო, რის შემდეგ ამერიკას მიაშურა და ერთხანს NBA-ს G ლიგის „ბირმინგემ სკუადრონში“ ირჯებოდა, მაგრამ ისევ ევროპაში დაბრუნება მოუწია: პოლონეთში სამი გუნდი გამოიცვალა – „გდანსკი“, „ლუბლინი“, „ზიელონა გორა“; შემდეგ იყო ისრაელის „გილბოა“ „გალილი“ და ესპანური „მანრესა“; 2022 წელს რუსულ „ზენიტში“ ჩაირიცხა, მაგრამ ომის გამო ბერძნულ „პრომითეასში“ წავიდა და ბოლოს  „გრანადა“…

პოზიცია: გამთამაშებელი და მსროლელი. ქულების აღება შეუძლია როგორც პერიმეტრიდან (34.6%) , ისე – ორქულიანებით (47%). მიმდინარე სეზონში მისი სტატისტიკა (ისრაელში წასვლამდე) გრანადაში 14.1 ქულა, 3.4 მოხსნა და 3.4 პასი იყო;

თავის მხრივ, საქართველოს ნაკრების ახალმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაცია საზოგადოებას 14 თებერვალს წარუდგენს, ეროვნული გუნდის გაფართოებულ შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს თებერვალში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები ელის: საქართველო 23-ში დანიას ესტუმრება, ხოლო 26-ში, თბილისში, სერბეთს დაუხვდება.

ჯიკიჩის შერჩეული შემადგენლობა ასეთია: მცველები: გიორგი ცინცაძე (თსუ), რატი ანდრონიკაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ოთარ ფხაკაძე (დელტა), რევაზ როგავა (ბათუმი), გიორგი ოჩხიკიძე (ქუთაისი), ჯო ტომასონი (მაქაბი, ისრაელი), დავით კაკუშაძე (ვსა), დუდა სანაძე (პაკსი, უნგრეთი), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი (ორივე კავკასია); ფორვარდები: კახაბერ ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე (ორივე თსუ), ოთარ ბულიავა (ბათუმი), თორნიკე შენგელია (ვირტუსი, იტალია), ბექა ბურჯანაძე (კორუნა, ესპანეთი), ნიკა დარბაიძე (დელტა), გუგა პატაშური (რუსთავი); ცენტრები: გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი), გიორგი ტურძილაძე, ბექა ბექაური (ორივე დელტა), ილია ლონდარიძე (კავკასია), გიორგი ბაქრაძე (ივერიონი).