„ნაპოლი” „სან სიროზე” „მილანთან” დამარცხდა, 0:1. მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა ნეაპოლელთა მწვრთნელი ვალტერ მაცარი. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს:
კვარაცხელიას შესახებ: დღეს მასზე ნადირობდნენ. რამდენჯერმე გვარიანად იუხეშეს მის წინააღმდეგ. ვფიქრობ ასეთი უხეშობა მეტად უნდა ისჯებოდეს. რაც შეეხება მის სათამაშო პოზიციას, ეს თავად ხვიჩაზეა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია მის ფიზიკურ მდგომარეობასა და მისი თანაგუნდელების გადაადგილებებზე. სწორედ ამ უკანასკნელებმა უნდა გაიტყუონ მისი მეურვეები და კვარაცხელია მეტოქის მიერ საგანგებოდ მისთვის დაგებული ხაფანგებიდან გამოიხსნან.
გაშვებული გოლის შესახებ: მთელი კვირა იმ კომბინაციის გარჩევაში გავატარეთ, რომლის შედეგადაც მილანელებს საგოლე პოზიციაზე თეო ერნანდესი შეყავთ. ეს ამ გუნდის ერთ-ერთი საკვანძო კომბინაციაა და ძალიან სამწუხაროა, რომ გოლი სწორედ ასე გავუშვით. თუმცა, მე დამნაშავეების დასახელება და კრიტიკა არ მიყვარს.
რა მიზნები აქვს დღევანდელ „ნაპოლის”: წინ ჯერ კიდევ 16 თამაშია. ვფიქრობ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა სრულიად რეალური ამოცანაა. ბოლო პერიოდში ტრავმებმა და დისკვალიფიკაციებმა დაგვაბრკოლა, თუმცა დღეს ყველაფრის მიუხედავად მაინც კარგად ვითამაშეთ. ვიმეორებ, მეოთხე ადგილზე გასვლა რეალური მგონია. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ყოველ კონკრეტულ შეხვედრაში 3 ქულა მოვიპოვოთ.