მოახლოვდა „მილანისა” და „ნაპოლის” შეხვედრა, რომელიც კვირას საქართველოს დროით 23 საათსა და 45 წუთზე გაიმართება. იტალიელმა ჟურნალისტმა ფრანკო ორდინემ Radio Punto Nuovo-სთან საუბარში ეს თემა განავრცო:

„შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს. „სან სიროზე” გამარჯვების შემთხვევაში „ნაპოლი” მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში მთელი სიმძლავრით დაბრუნდება. „შავ-წითლებთან” მატჩი ვალტერ მაცარისთვის ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად უკანასკნელი არა, მაგრამ ერთ-ერთი ბოლო ტრამპლინია. კონკურენტი „ატალანტა” კი ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა. ის საოცარ ფორმაშია და ყველა პირობა აქვს საიმისოდ, მეოთხეზე რომ გავიდეს.

ისმის კითხვა, გაძლიერდა „ნაპოლი” ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე? კლუბის ნავაჭრი ფინანსური თვალსაზრისით ზარალიანი არ იყო, მაგრამ საფეხბურთო თვალსაზრისით ახალწვეულთაგან ყურადღებას მხოლოდ სირილ ნგონგე იმსახურებს”.

შემდეგ კი ორდინე „პარტენოპეელთა” მომავალი მწვრთნელის საკითხს შეეხო. მოგეხსენებათ, მაცარი კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სამსახურში დროებით აიყვანა და ხელშეკრულების გახანგრძლივებისთვის ის ალბათ თავს უნდა გადაახტეს.

„სრულიად დასაშვებად მიმაჩნია, რომ მომავალი სეზონიდან „ნაპოლის” სათავეში სტეფანო პიოლი („მილანის” დღევანდელი თავკაცი, ნეაპოლელთა მეტოქე კვირის შეხვედრაში) ჩაუდგეს, — თქვა ჟურნალისტმა, — ის გაწონასწორებული, მშვიდი ადამიანია. სტეფანო გახლავთ საკუთარ თავში დარწმუნებული საქმიანი კაცი, რომელიც ნამდვილად შეძლებს ნეაპოლელებს წარმატება მოუტანოს. შედარებისთვის, ტიაგო მოტა მწეველია და თან ძალიან მეეჭვება, რომ დე ლაურენტისის ხელში სიმშვიდე შეინარჩუნოს… თუმცა პიოლიზე გადაჭრითათ მაინც ნუ ვილაპარაკებთ, რადგან კონტრაქტის თანახმად „მილანთან” კიდევ ერთი წელიწადი აკავშირებს და წარმატების შემთხვევაში შესაძლოა „სან სიროდან” სულაც არ გაუშვან”.

და რით არის „მილანისა” და „ნაპოლის” შეხვედრა საინტერესო თუ არა მარცხენაფლანგელების რაფაელ ლეაოსა და ხვიჩა კვარაცხელიას (თუ რასაკვირველია მაცარიმ მარცხნიდან ათამაშა) დაპირისპირებით? ორდინემ თქვა:

„ბოლო ტურში ორივეს ნახტომისებური პროგრესი ჰქონდა, თუმცა პორტუგალიელი ერთი ხანია უკვე შესანიშნავად თამაშობს. მოდი ნუ დავივიწყებთ, რომ მან თანაგუნდელებს 8 გადამწყვეტი პასი ჩააწოდა”.