„მილანისა” და „ნაპოლის” თამაშის წინ მილანელთა პორტუგალიელმა მარცხენაფლანგელმა რაფაელ ლეაომ GQ-იტალიას მისცა ინტერვიუ მისცა, რომლის ამონარიდებსაც ქვემოთ გთავაზობთ.
თქვენ ახლახან გამოეცით წიგნი სახელწოდებით „ღიმილი”. იქ ბევრს ყვებით საკუთარ თავზე…
ყველა, ბავშვით დაწყებული ჩემი თანატოლით დამთავრებული, მეუბნება, რომ სურს ჩემს დონეს მიაღწიოს, თან ფეხბურთში კი არა, თავის საყვარელ საქმეში. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველას უნდა, რომ ოცნება აიხდინოს. მე ეს შევძელი, რადგან კარგიც ვიყავი და იღბლიანიც. ამიტომაც მომინდა ჩემი იღბალი რამენაირად სხვებისთვისაც გამეზიარებინა და დავწერე წიგნი, სადაც ხალხი იმედია ამოიკითხავს, რომ ფარ-ხმალი არასდროს უნდა დაყაროს, მიზნისკენ ილტვოდეს და მისი მიღწევის შემდეგ არ შეჩერდეს. იმედი მაქვს, რომ ეს წიგნი ადამიანებს სარგებელს მოუტანთ.
წიგნიდან ვიგებთ, რომ თქვენ წარმატებისკენ სავალ გზაზე გვერდით გყავდათ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან პაოლო მალდინი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და კრიშტიანუ რონალდუ…
პირველი ორი ძალიან დამეხმარა, განსაკუთრებით ზლატანი. ეს მოხდა მაშინ, როდესაც მე უკვე ზრდასრული ვიყავი და მილანში ჩამოვედი. კრიშტიანუ რონალდუ კი ჩემი ერთ-ერთი კერპია. თუმცა, ჩემთვის სამაგალითო ადამიანი ბავშვობიდან მამაჩემი იყო. ის და ოჯახის სხვა წევრები.
დღეს საზოგადოებას „მილანის” მეოთხე მაისურა წარუდგინეს. ის „პუმამ” PLEASURES-თან თანამშრომლობით შექმნა…
ამ თანამშრომლობით კმაყოფილი ვარ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „მილანი” სწორად ავირჩიე. ჩვენ ახალგაზრდული, „ფერადი” გუნდი ვართ და როგორც მაისურზე დატანილი დეტალებიც ცხადჰყოფს, რომ გარკვეულ სიმბოლოსაც კი წარმოვადგენთ. გარდა ამისა აღმაფრთოვანა იმ ფაქტმა, რომ მომეცა საშუალება ეს მაისურა მხოლოდ მოედანზე კი არა, პრეზენტაციაზეც მცმოდა.
მილანში როგორ გრძნობთ თავს?
მილანი საუცხოო ქალაქია, არც კი ველოდი ასეთი კეთილგანწყობილი თუ იქნებოდა. ბოლომდე შეგუებას დაახლოებით ორი წელიწადი მოვუნდი, რაც იმით იყო განპირობებული, რომ იტალიურად კარგად ვერ ვლაპარაკობდი. ერთადერთი დაბრკოლება ეს იყო. კლიმატი ძალიან ჰგავს პორტუგალიურს, რამაც საქმე გამიადვილა. ძალიან მომწონს, რომ აქ მაშინ ცივდება, როდესაც კალენდარის თანახმადაც უნდა აცივდეს. თუ ჩემი ასაკის ადამიანები აქ ჩამოვლენ, არ შეცდებიან. მილანში საკეთებელი მრავლადაა. აქ ბევრი რესტორანია, ათასმა საქმემ შეგიძლია გაგიტაცოს. მილანი ნამდვილად არ განეკუთვნება მოსაწყენ ქალაქებს. თუმცა, აუცილებლად უნდა დავძინო, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვისთან ერთად ცხოვრობ. თუ გარშემო ხალხი არასწორად შემოიკრიბე, დაიბნევი და დაიკარგები.
რატომ ქმნით მუსიკას?
სტუდიაში იმ ემოციებს გამოვხატავ, რომელთა გამოხატვას მოედანზე ვერ ვახერხებ. მუსიკა სტრესიდანაც მათავისუფლებს.
მილანი მუსიკისთვისაც იდეალური ქალაქია…
ამ ქალაქში ყველაფერი იდეალურად აეწყო. აქ გავიცანი Capo Plaza, Sfera Ebbasta, Lazza. მე სტუდიაში მათთან ერთად რამდენჯერმე მომიწია ყოფნა. ისინი კეთილგანწყობილნი არიან და კარგ რჩევებს მაძლევენ. ძალიან მომწონს, რომ მათთან ფეხბურთზე არ ვლაპარაკობ. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მილანზე. ისინი ხომ მილანელები არიან.
მარტო რეპს უსმენთ?
არა, ყველაფერს ვუსმენ. რასაკვირველია მეტწილად რეპს და ტრეპს, მაგრამ ჩემზე ზეგავლენას ნებისმიერი ჟანრის მუსიკა ახდენს. შესაძლოა რაღაც მელოდიას მოვკრა ყური და ერთი ხნის მერე ის ისე დამიბრუნდეს, რომ სტუდიაში მივიდე და ახალი სიმღერა ჩავწერო. რატომ არის ჩემი ფავორიტი ჟანრი რეპი? ტექსტების გამო. რეპის ტექსტები გეუბნება, რომ არასდროს უნდა დანებდე.
რას ნიშნავს თქვენთვის მუსიკა?
ჩემთვის მუსიკა უმნიშვნელოვანესია. არა მხოლოდ მისი შექმნა. აქ, მილანში მარტო ვცხოვრობ და მთელი დღეები მუსიკა არის ჩემი თანმხლები. დილით, რომ ვიღვიძებ, მუსიკას ვრთავ. სხვათა შორის, ახლა ისეთი თანაგუნდელები მყავს, რომლებიც თავადაც სულ ფლეი-ლისტებს ადგენენ. ასეთი რამ ადრე არ მინახავს. მუსიკა ჩემთვის მხოლოდ ფონი არ არის.