ბორჯღალოსნებმა „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს – გერმანიის ნაკრებს სტუმრად 28:17 მოუეგს და სატურნირო ცხრილსაც სათავეში ჩაუდგნენ.

ანგარიში აშკარად მოულოდნელია, 11-ქულიანი სხვაობით გერმანია საქართველოსთან მხოლოდ ერთხელ, სულ პირველ, 1996 წელს „დინამოზე“ გამართულ მატჩში დამარცხდა, რასაც სტუმარი მორაგბეების მასობრივი გალახვაც მოჰყვა. ჰოდა, კვირას დესაუში ბორჯღალოსნებმა კვლავ 11-ქულიანი უპიარტესობით იმარჯვეს. როგორც წესი, საქართველო გერმანიას ანადგურებს ხოლმე, მაგრამ დესაუში დიდი უპირატესობის ციფრებში გარდასახვა ვერ მოხერხდა.

საგანგაშოც არაფერია – ახალი მწვრთნელი ახალ გუნდს აყალიბებს, თანაც თამაში თავიდან ლამაზ მწვანებალახიან მოედანზე დაიწყო, რომელიც მალევე ყანას დაემსგავსა, ასეთ პირობებში კი ტაბუცაძისა და მოდებაძის რეაქტიულობის გამოყენება შეუძლებელი აღმოჩნდა, თანაც ისეთ პირქარში მოგვიწია პირველი ტაიმის თამაშმა, რომ მატკავას, ალანიასა და ცირეკიძის ფეხით დარტყმებს ხეირი არ მოყვებოდა.

ამიტომ, თავდაპირველი ლაღი ბურთაობის განზრახვა მალევე შეიცვალა და ჩვენს ბიჭებს მეტოქეზე ფიზიკური დომინაციის გარდა სხვა არაფერი დარჩა. პირველი ქართული ლელო 5-მეტრა ხაზზე დანიშნულ შერკინებას მოჰყვა – ქართველმა ფორვარდებმა მეტოქეები უბრალოდ წალეკეს და უელსელმა რეფერიმ ტექნიკური ლელო ჩათვალა – 0:7.

მაგრამ ტაიმის შუაში მასპინძლებმა მოულოდნელად შეგვიტიეს, ლელოს ხაზის გასწვრივ რამდენიმე ფაზა ააგეს და ბოლოს მიზანსაც უწიეს – 7:7. 10 წუთის შემდეგ კი გერმანელებმა ჯარიმა გაიტანეს და სულაც წინ გავიდნენ – 10:7. მოვლენების ამგვარი განვითარება მოულოდნელი თავად გერმანელებისთვისაც იყო, მით უმეტეს, რომ ქართველები დიდ სათამაშო უპირატესობას მთელი ამ დროის განმავლობაში ფლობდნენ.

ასეა თუ ისე, ქართველთა სიმძლავრემ თავისი მაინც გაიტანა – ტაიმის ბოლო წამებზე მორიგი 5-მეტრა შერკინება, გერმანელთა გადათელვა და ილია სპანდერაშვილის ლელო ლოგიკური დასასრული იყო. ლუკა მატკავამ გარდასახა და შესვენებაზე საქართველო 4-ქულიანი უპირატესობით გავიდა – 10:14.

ამ შეტევის მოგერიების მცდელობისას გერმანელებმა 9 ნომერი დაკარგეს, რომელსაც რეფერიმ სინბინი გამოუწერა. თუმცა, შესვენების შემდეგ ქართველებმა ეს 10-წუთიანი რიცხბრივი უპირატესობა ვერ გამოიყებეს. ხოლო როცა შემადგენლობათა წონასწორობა აღდგა, მარცხენა ფლანგზე ბორჯღალოსნებმა ძალიან ეფექტური შეტევა ააგეს, რომელიც კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ დააბოლოვა. მოგეხსენებათ, ბუკა საიუბილეო, მე-100 მატჩს ატარებდა და ცენტურიონის წოდების მინიჭება მე-19 სანაკრებო ლელოთი აღნიშნა. მატკავამ ესეც გარდასახა და ანგარიში 10:21 გახდა.

ბონუსისთვის კიდევ ერთი ლელო გვჭირდებოდა და 61-ე წუთზე მისი დროც მოვიდა. იგივე მარცხენა ფლანგზე ქუთაისელებმა მაგარი ლელო შექმნეს – ვანო კარკაძემ ლამაზი ოფლოუდით მირიან მოდებაძე დაგეზა და ამ უკანასკნელმაც თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. ეს იყო მირიანის მე-10 ლელო 28-ე სანაკრებო მატჩში. ლუკა მატკავამ ესეც გარდასახა და მე-15 სანაკრებო მატჩში პირადი ანგარიში 90 ქულას გაუტოლა.

თითქოსდა, საქმე გაკეთებული იყო – გამარჯვება პლუს ბონუსი, მაგრამ ორიოდე წუთში ერთ-ერთმა გერმანემა ბურთი ფეხით წინ გაიგდო, ირგვლივ ყველა ქართველს ფეხი დაუცდა და მასპინძლებმა კიდევ ერთი ლელო მიითვალეს – 17:28. დარჩენილ 25 წუთშიც ბორჯღალოსნები უტევდნენ, მაგრამ ანგარიში ვეღარ შეცვალეს.

ჯგუფის პირველ მატჩში კი კინაღამ სენსაცია დაფიქსირდა – ესპანეთმა ნიდერლანდებში 20:18 იმარჯვა, არადა ბოლოს მასპინძლებმა გამარჯვების ჯარიმა ააცილეს.

სამაგიეროდ, სენსაცია ბელგიაში შედგა, სადაც ადგილობრივმა ნაკრებმა პორტუგალიას 10:6 მოუგო, რაც ამ უკანასკნელებს რეიტინგში უკან აუცილებლად დახესვ.ასე რომ, რიჩარდ კოკერილის გუნდის მოკრძალებული მოგება სულაც არ ყოფილა მთავარი მოულოდნელობა ჩემპიონატის სტარტზე.

მომდევნო მატჩს ბორჯღალოსნები შაბათს, 10 თებერვალს შინ, „ავჭალაზე“ ნიდერლანდებთან გამართავენ.