„ვალენსიასა” და „ალმერიას” შეხვედრის მე-60 წუთზე მომხდარი ეპიზოდის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი დიეგო ლოპესი საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც რადიოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარეს. მას „ალმერიას” საჯარიმოში ბრძოლის დროს ალეხანდრო სენტელესმა ყბაში იდაყვი მოარტყა. ლოპესი მოედანზე დაეცა. მსაჯ მუნის რუისს დარღვევა არ შეუმჩნევია, მაგრამ VAR-მა მომენტის მონიტორზე შემოწმებისკენ მოუწოდა, რის შედეგადაც არბიტრმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან პეპელუმ ძელს გაარტყა ბურთი.

„მარკა” წერს, რომ დაშავებულ ლოპესს სახის მარცხენა მხარეს, თვალის ქვეშ, ძლიერი ტკივილი და არასტაბილურობის უცხო შეგრძნება აწუხებდა. მას მოედანზე ჯერ კლუბის ექიმები მკურნალობდნენ, შემდეგ კი საკაცეზე დაბმული გაიყვანეს. მოგვიანებით, „ვალენსიამ” გაავრცელა ცნობა, რომ საავადმყოფოში ჩატარებული ტესტებით დადგინდა, რომ ოპერაცია გამორიცხული არ არის. უფრო ზუსტად სავარაუდოდ დღეს იტყვიან. ფაქტია, რომ 21 წლის ფეხბურთელს გარკვეული დრო გაუცდება.

„ვნახე ჩანაწერი. მართალია მეტოქეს მისი დაზიანება განზრახ არ უნდოდა, მაგრამ ლოპესს ყვრიმალში ძლიერად მოხვდა. სამწუხაროა. ამ შეხვედრაში ეს ყველაზე ცუდი მომენტი იყო, რადგან ჩვენ შეიძლება ეს ფეხბურთელი გარკვეული ხნით დაგვაკლდეს. ლოპესი კარგად თამაშობდა. რას იზამ, ასეთია ფეხბურთი”, — უთხრა მატჩის შემდეგ ტელეკომპანია DAZN-ს „ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ.