Piotr Zielinski of SSC Napoli in action during the SSC Napoli Training Session at Al-Awwal Stadium on January 21, 2024 in Riyadh, Saudi Arabia.შეიძლება თუ არა კომპანიის მართვა გუნებ-განწყობასა და პირად წყენებზე დაყრდნობით? სწორედ ეს კითხვა ჩნდება „ნაპოლის” განაცხადების კითხვისას. მათში არ შეიყვანეს პიოტრ ჟელინსკი (ჩემპიონთა ლიგის განაცხადში) და დიეგო დემე (როგორც ჩემპიონთა ლიგს ასევე სერია A-ს განაცხადში), რომელთაც სეზონის ბოლოს კონტრაქტის ვადა ეწურებათ. ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ არის ახალი შენაძენი ლეანდერ დენკონკერიც, რომელიც კლუბს (ჩვენზე რომ არაფერი ვთქვათ) ახლავე ზედმეტად მიაჩნია. შედეგად, „ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგას თითზე ჩამოსათვლელი ნახევარმცველებით შეხვდება: ზუსტად, სამით. ესენი არიან ლობოტკა, ანგისა და კაიუსტე. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მათგან არავინ დაშავდება. ამ სამეულს შეგვიძლია დავამატოთ ტრაორე (რომლის ვარგისიანობა ჯერ კიდევ შესამოწმებელია, რადგან მალარია მოიხადა და პრემიერლიგის ბოლო ორ სეზონში 500 წუთზე ნაკლები ითამაშა), ლინდსტრომი, რომელსაც ამ როლს არ აკისრებენ ხოლმე (სიმართლე რომ ვთქვათ არც სხვა როლებში იყენებენ მაინცდამაინც) და რასპადორი, რომელსაც გარსიაც ნახევარმცველად ხედავდა.

სპალეტიმ დე ლაურენტისს სულთანი უწოდა

კლუბის მიერ შედგენილი განაცხადი ამტკიცებს, რომ „ნაპოლი” მისი პრეზიდენტის გუნებ-განწყობის ტყვეა. პრეზიდენტისა, რომელსაც ლუჩანო სპალეტიმ კერძო საუბარში სულთანი უწოდა. დე ლაურენტისი შევიდა განზომილებაში, საიდანაც ვშიშობთ აღარასოდეს გამოვა. ლაპარაკია არა მარტო იმაზე, თუ როგორ ხედავს ის კლუბის მომავალს (მეპატრონეა ბოლოს და ბოლოს), არამედ იმაზე, რომ ნებისმიერ, მათ შორის ტექნიკურ საქითხებსაც თავად მართავს. ამ ისტორიის ყველაზე მტკივნეული წერტილი სწორედ ეს არის: დე ლაურენტისი უკან ვეღარ დაიხევს. მის მდგომარეობას კარგად გამოხატავდა ფოტოები, რომლებზეც ის გარსიას ვარჯიშების დროს სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ასეთი დამოკიდებულება ფანების ნაწილს მოსწონს, მაგრამ პროფესიონალებზე ამას ვერ ვიტყვით. სწორედ ამის გამო თქვა უარი ტიეგო მოტამ „ნაპოლიში” გადასვლაზე მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ყველა მხრიდან უვლიდნენ. ბატონი აურელიოს ქათინაურების მიუხედავად, ზუსტად ამ დამოკიდებულებამ დააჭერინა ანტონიო კონტეს შემოდგომაზე თავი შორს. საფეხბურთო სამყაროში ყველას ესმის, რომ ნეაპოლში გადასვლა დე ლაურენტისის განკარგულებაში მოხვედრას, მის სრულ მორჩილებას ნიშნავს. და არ არის მართალი, რომ ყოველთვის ასე იყო. ადრე ნეაპოლში მწვრთნელები დიდი, ხანდახან მეტისმეტად დიდი თავისუფლებით სარგებლობდნენ. დე ლაურენტისი მისდევდა მოვლენებს, მაგრამ გარკვეული მანძილიდან, რომელიც ახლა გაქრა. დღეს მისი გავენა სულ უფრო იზრდება და თავსმოხვეული ხდება.

თვითდაზიანება, რომელსაც სისულელემდე მივყავართ

დე ლაურენტისმა გადააჭარბა. წამოიწყო პროცესი, რომელმაც დეგრადაცია გამოიწვია და ჩემპიონთა ლიგაში თავის საზიანო გადაწყვეტილებებამდე მიიყვანა. ჟელინსკის ახალი კონტრაქტის გაფორმება არ უნდა? მაშინ მოაშორეთ განაცხადიდან. ეს ძალიან ჰგავს იმ ქმრის ამბავს, რომელმაც ცოლის ჯინაზე პენისი მოიჭრა. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პირადი წყენით განპირობებული გადაწყვეტილება, რომელიც პოლონელ ფეხბურთელს ვერაფერს ვნებს (ის მალე „ინტერში” გადავა). ის ვნებს მხოლოდ „ნაპოლის”, რადგან გუნდს კარგ ფეხბურთელს და ნახევარმცველთა რაოდენობას აკლებს. როგორც უკვე დავწერეთ, ეს საქციელი კარლო მარია ჩიპოლას (იტალიელი ეკონომიკის ისტორიკოსი, რომელმაც დაწერა ნაშრომი „ადამიანთა სისულელის საბაზისო წესები”) სისულელის წესებსაც კი აჭარბებს. და იმავეს თქმა შეიძლება დემეს შესახებაც, რომელიც ორივე განაცხადის მიღმა დატოვეს. ახალა კლუბი მას ხელფასს საერთოდ არაფერში გადაუხდის. ბიზნესი კონკრეტული თანხით დაზარალდება, მაგრამ ეს პრეზიდენტის პირად ვნებეთან შედარებით მეორეხარისხოვანია.

კონტრაქტებთან დაკავშირებით ერთი შენიშვნაღა დარჩა. დე ლაურენტისმა გასულ ზაფხულს გადაწყვიტა მთელი იტალიური ფეხბურთისთვის გაკვეთილი ჩაეტარებინა და ლუჩანო სპალეტის მაგალითზე ეჩვენებინა როგორ უნდა კონტრაქტის პატივისცემა და კომპანიის მართვა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ სპალეტი მაინც წავიდა, ნაკრების მწვრთნელი გახდა, ხოლო გადაიხადა თუ არა კომპენსაცია ხელშეკრულების დარღვევისთვის, კვლავ არ არის ცნობილი. მაგრამ საქმე სხვანაირად დგას. მაშინ დე ლაურენტისი საკონტრაქტო პირობების შესრულებას ითხოვდა და ამის საბაბი ჰქონდა კიდეც, მაგრამ დღეს, როდესაც ფეხბურთელები ხელშეკრულებით დადგენილი ვადების ბოლომდე ამოწურვას ცდილობენ, ეს აღარ მოსწონს, რადგან გამოდის, რომ კლუბი უფულოდ დარჩება. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი მათ განაცხადიდან რიცხავს და უჩნდება ილუზია, რომ ამით ფეხბურთელებს სჯის. შემდეგ კი „ნაპოლის” ოფისში ბრაზდებიან, რადგან ხალხი მათ „ბროგოსოს” ფეხბურთის კლუბს (1970 წელს გადაღებული კომედიური ფილმი ალბერტო სორდის მონაწილეობით) ადარებს. არადა, პროფესიონალიზმი, სხვა რამ არის.

მასიმილიანო გალო, ilnapolista