Paulista during the Copa del Rey quarterfinal tie against Getafe in 2019
პაულისტამ „ვალენსიასთვის” ოფლიც ღვარა და სისხლიც.

საოცარი პატრონები ჰყავს გიორგი მამარდაშვილის კლუბს „ვალენსიას” — თუკი გუნდში ვინმე კარგი ფეხბურთელი ეგულებათ, ყიდიან, გუნდის გაძლიერებაზე კი არ ფიქრობენ. ბოლო დღეებში მათ კიდევ შეამსუბუქეს შემადგენლობა. გაასხვისეს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე, 33 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი გაბრიელ პაულისტა. ფეხბურთელი, რომელიც შვიდი სეზონის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა „ღამურებს”, „ატლეტიკოში” გადავიდა.

მადრიდელები ახალ მოთამაშეს სავარაუდოდ პირდაპირ ძირითად შემადგენლობაში ათამაშებენ, რადგან მას ზურგს ლა ლიგაში ჩატარებული 220 შეხვედრა, 8 გოლი და 4 საგოლე პასი უმაგრებს. „ვალენსიამდე” ის გამოდიოდა „არსენალში”, სადაც 64 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პაულისტამ ორი სეზონი (50 შეხვედრა) გაატარა „ვილიარეალშიც”.

„ვალენსიამ” მისი სახით ჩვეულებრივი ფეხბურთელი როდი დაკარგა, — წერს superdeporte, — ბოლო წლებში მისი ფუნქცია გაცილებით აღემატებოდა კარგად მოთამაშე ცენტრალური მცველის ფუნქციას. მის გვერდით და მაგალითზე აღიზარდნენ ახალგაზრდა მოთამაშეები, მაგალითად კრისტიან მოსკერა. მეორე მხრივ ყველას კარგად ახსოვს პაულისტას შესანიშნავი პარტნიორობა ეზეკიელ გარაისთან.

გაბრაზებული plazadeportiva კი ამბობს, რომ „ვალენსიას” სინგაპურელ მეპატრონეებს შემოსავლის მეტი რომ არაფერი ადარდებთ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ასე რომ არ იყოს, ისინი დაუფიქრებლად არ გაყიდდნენ ფეხბურთელს, რომელმაც მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მათგან თექვსმეტჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო.

ვინაიდან მუკტარ დიაკაბი აფრიკის თასიდან ჯერ ვერ დაბრუნდება, დაცვის ცენტრში რუბენ ბარახას განკარგულებაში რჩებიან მოსკერა და ჩენკ ოზკაჩარი.

ახლა რაც შეეხება კაპიტნობას. ამ სეზონში „ღამურებს” უკაპიტნეს ხოსე გაიამ, ჯაუმე დომენეკმა, დიაკაბიმ და პაულისტამ. დიაკაბი, როგორც გითხარით აფრიკის თასზეა, ჯაუმე კი სათადარიგო მეკარეა. გამოდის, რომ გუნდს რჩება ერთადერთი კაპიტანი, გაია.

ჩვეულებრივ, ძლიერ გუნდებში ვეტერანები და ახალგაზრდები ტოლად არიან. გამოცდილებისა და შემართების სწორი ნაზავი როგორც წესი შედეგიანია. გაბრიელ პაულისტას წასვლის შემდეგ კი „ვალენსიაში” 30 წელს გადაცილებული ორი ფეხბურთელიღა რჩება: სათადარიგო მეკარე ჯაუმე და დიმიტრი ფულკიე.

და ბოლოს, ქართველი გულშემატკივრისთვის სავალალოა, რომ „ჩეების” ისედაც არცთუ სანაქებო დაცვას ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი მოაკლდა. ეს უეჭველად მამარდაშვილის კისერზე გადავა.

სავარაუდოდ, „ვალენსიას” გულშემატკივართა ოცნება ევროთასებზე გამსვლელი ადგილის მოპოვებასთან დაკავშირებით, ოცნებადვე დარჩება.