„სტადიო ოლიმპიკოზე” ადამიანს ჩამოეძინებოდა, არც სანახაობა იყო და არც ინტენსივობა. 0:0 კარგად ასახავს იმ შეხვედრის შინაარსს, რომელშიც გუნდებმა მოსაგებად ფაქტობრივად არაფერი გააკეთეს. ორიოდ ცოცხალი ეპიზოდი ისევ „ბიანკოჩელესტიმ” შექმნა, მაგალითად კასტელანოსმა მაკრატელა დარტყმით ულამაზესი გოლი შეაგდო, მაგრამ ის არ ჩაითვალა, რადგან თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. „ნაპოლის” კი სართოდ კარში არ დაურტყამს. ეს მეტად დამთრგუნველი ფაქტია, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი საკმარის მომენტებს არ ქმნიდა და თუკი რამეს ქმნიდა, ბოლო მეტრებში სიზუსტეს კარგავდა. ასეთი რამ (კარში 0 დარტყმა) „ნაპოლის” 2012 წლის 1 აპრილის მერე არ მოსვლია. არა, საპირველაპრილო ხუმრობა არ გეგონოთ, ეს ცუდი რეალობაა და თუ ასე გაგრძელდება გოლის გატანა მეტად და მეტად გართულება.
რასაკვირველია ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ „ნაპოლის” ფეხბურთელები აკლია, სუპერთასზე, „ინტერის” წინააღმდეგ, უმცირესობაშიც კი იყო, მაგრამ კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, როდესაც კვარას ზომერმა აუღო. „აძურის” შედეგიანობა შემაშფოთებელია. ვალტერ მაცარი 14 შეხვედრაა რაც ნეაპოლელებს სათავეში უდგას და მათგან რვაში გუნდმა გოლი ვერ გაიტანა. ნიშანდობლივია, რომ თითქმის ყველა ამ შეხვედრაში არ თამაშობდა ვიქტორ ოსიმენი. და დღეს უკვე საქვეყნოდ არის ცნობილი, რომ არც ნიგერიელ თავდამსხმელთან დაკავშირებით არის საქმე იდეალურად. თვით აურელიო დე ლაურენტისმა გამოაცხადა, რომ ის სეზონის ბოლოს „ნაპოლიდან” წავა, მაგრამ მანამდე ხომ გუნდშია და უდაბნოში წყლის ფუნქციას შეასრულებს. ჩვენ მისი სიმძლავრე, მისი გოლები გვჭირდება.
ჯერჯერობით კი ვიქტორი აფრიკის თაზეა და ისე ჩანს, რომ იქ ჯერ კიდევ კარგა ხანს დარჩება. მანამდე დღევანდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ. ოსიმენის არყოფნაში მწვრთნელის ხელთ არსებულ მასალას ენიჭება დიდი მნიშვნელობა. რაღაცის მოფიქრება იმ შემთხვევაშიც შეიძლება, როდესაც მთავარი თავდამსხმელი ჯაკომო რასპადორია. ახალი ფეხბურთელების გამოყენებაც შეიძლება, ისინი მზად არიან გუნდში სიახლე შეიტანონ. არის სტანისლავ ლობოტკა, რომელიც ცენტრში მნიშვნელოვან გარღვევებს აკეთებს. შემდეგი ტურიდან კი გუნდს დისკვალიფიცირებულები, გამოჯანმრთელებულები და აფრიკის თასიდან გამოვარდნილები დაუბრუნებიან.
„ვერონასთან” შეხვედრაში ერთი შეცდომის დაშვებაც არ შეიძლება, მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება წარმოუდგენელია. უფერულ თამაშს დაივიწყებენ, ის ჯახირით და წვალებით სავსე სეზონის საფასურია, მაგრამ სამი ქულის ქარისთვის გატანება დაუშვებელია. და ეს იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი ადგილი ჯერ კიდევ შორს არის. დღეს მეოთხეზე მყოფ „ატალანტას” 36 ქულა აქვს, „ნაპოლი” კი რამდენიმე ნაბიჯით უკანაა. ის ბერგამოელებს უკვე არა 3 არამედ 4 ქულით ჩამორჩება.
თებერვალი კარს მოგვდგომია და ის შეიძლება ხელახლა დაბადების თვე გახდეს. მთავარია შეცდომა აღარ დავუშვათ. ამასობაში კი თავის მართლების დრო გავიდა. შეძენილი და ახლიდან აღმოჩენილი ფეხბურთელები, ყველანი ჩვენს წინაშე არიან. ახლა თავი ხელში უნდა ავიყვანოთ. დროა იტალიის ჩემპიონი თავისი სტატუსის შესაფერის განწყობას დაუბრუნდეს.
ჯოვანი ანუნციატა, calciomercato