„ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას, ვიქტორი ოსიმენის, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას და სხვა წამყვანი ფეხბურთელების გარეშე რომში „ლაციოსთან” 0:0 ითამაშა. მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:
ხართ თუ არა კმაყოფილი?
კმაყოფილი ვარ, რადგან დღეს ნამდვილი გუნდი ვნახე. „ნაპოლი” იყო დაბალანსებული და ბურთს ფლობდა. როდესაც ბურთის ფლობით მაურიციო სარის გუნდს სჯობიხარ, ეს დიდი შედეგია. ჩვენ სათამაშო სისტემა სულ ახლახან შევცვალეთ და უკვე შევძელით მეტოქისთვის ბურთის ფლობაში გვეჯობნა. ყველაზე მეტად კი დიეგო დემეს კარგმა თამაშმა გამახარა. ის დიდებული იყო. დღეს მე ბევრი კარგი რამ ვნახე. რამდენიმე გოლის გატანაც უნდა გვეცადა, მოვინდომეთ, რომ „ვერტიკალური ფეხბურთი” გვეთამაშა, მაგრამ მეტოქე უფრო სწრაფი იყო.
შეტევაში გუნდს სიმწვავე აკლდა.
ოსიმენისა და კვარას გარეშე წინ მხოლოდ რასპა გვყავდა. ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა. ძლიერ მეტოქესთან სპეციფიკურ დროს მოგვიწია თამაშმა. მოდი ნუ დავივიწყებთ, რომ „ლაციო” გასულ სეზონში მეორე ადგილზე გავიდა. სამაგიეროდ, ჩვენ გუნდს კომპაქტურობა დავუბრუნეთ. როდესაც მე „ნაპოლის” მწვრთნელი გავხდი მოედანზე სხვა ვითარება იყო. ახლა ერთსულოვნება დავიბრუნეთ…
…როდესაც ჩემპიონი მოულოდნელად ხდები, შემდეგ ტრიუმფის გამეორება ძნელია. თან ბოლოხანს ბევრი რამ მოხდა, ბევრი ფეხბურთელი დაგვიშავდა. ასე მაგალითად, პირველივე მატჩში, რომელშიც მე „ნაპოლის” გავუძეხი ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაგვიშავდა, როგორიც მატიას ოლივერაა. მწვერვალზე ზედიზედ ორჯერ ასვლა იოლი არასდროს არის…
…ჩვენ ისევ მივაგენით კარგ „ნაპოლის”. ახალმოსული რომ ვიყავი გვქონდა მატჩები, როდესაც გუნდურობა გვაკლდა. დღეს, „ლაციოსთან” შეხვედრაში ერთადერთი რაც გვაკლდა ძლიერი დამაგვირგვინებელი ფაზა იყო…
ხომ არ სჯობდა სასტარტო შემადგენლობაში სირილ ნგონგეს ეთამაშა?
ნგონგემ რაც გვაჩვენა იმით კმაყოფილი დავრჩი. ის ერთი კვირის ჩამოსულიც არ არის. კაცს, რომელმაც მხოლოდ სამი ვარჯიში ჩაატარა მეტი რა უნდა ექნა? თან ის მოვიდა გუნდიდან, რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის არ იბრძოდა. მომავალში, თუ ასე განაგრძობს, შესაძლოა უფრო მაღალი ამოცანებიც დავუსახოთ.
სათამაშო სქემის შესახებ.
სქემა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ფეხბურთელები არიან ჩემს განკარგულებაში. დღეს საუკეთესოდ ეს განლაგება მივიჩნიე. რასაკვირველია, როდესაც კვარა, ოსი და სხვები დაბრუნდებიან განლაგება შეიძლება შეიცვალოს. შესაძლოა ვითამაშოთ 3-4-3 ან სულაც 4-3-3…
… მე ერთი თვისება მაქვს, რომელიც ჩემი უპირატესობაც არის და ნაკლიც. ფეხბურთელებს თვალებში ვუყურებ და ვეკითხები: თუ გათამაშებ, როგორ დაიხარჯები მოედანზე? ამიტომაც მინდა კიდევ ერთხელ შევაქო დემე. დღეს ყველამ ნახეთ, თუ რა თავდადებით ითამაშეს ბიჭებმა. თუ რომელიმე მათგანის საქმისადმი დამოკიდებულება არ მომეწონებოდა, 20 წუთში შევცვლიდი.