გთავაზობთ ამონარიდებს ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელის, „ნაპოლისა” და იტალიის ნაკრების თავდამსხმელის ჯაკომო რასპადორის ინტერვიუდან.
კასტელ მაჯორე ის ადგილია სადაც დავიბადე. ჩემს მშობლიურ ქალაქთან, მის მაცხოვრებლებთან და ოჯახთან უწყვეტი, ძლ კავშირი მაქვს. ფეხბურთის თამაშიც იქ დავიწყე, გუნდში, რომელსაც „პროგრესო კალჩო” ერქვა. მე ამ გუნდში გავიზარდე.
ნომერი მაისურზე: თავდაპირველად ჩემი ნომერი იყო 18. ეს ჩემი დაბადების თარიღია. გამიმართლა, როდესაც ცხოვრებაში პირველად ნომრის არჩევისას შესაძლებლობა მომეცა ზურგზე 18 დამეწერა. ნეაპოლში ჩასვლის შემდეგ კი ერთიანს და რვიანს ადგილები შევუცვალე. 081 ხომ ნეაპოლის კოდია და ვიფიქრე, რომ ციფრების შებრუნება სახალისო იქნებოდა. ნაკრებში ამასწინათ წილად მხვდა პატივი 10-ნომრიანი მაისურა მცმოდა. იტალიელი კაცისთვის, ფეხბურთელისთვის, ათი ნომრით თამაში ბევრს ნიშნავს. ეს ძალიან საამაყოა და შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენისკენ გიბიძგებს.
მარჯვნივ თუ მარცხნივ: ვფიქრობ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე კარგი თვისება უნივერსალურობაა. პატარაობაში ცაცია ვიყავი, ჩემი უფროსი ძმა კი მემარჯვენე იყო. ძალიან მაბრაზებდა ის ფაქტი, რომ მას მარჯვენა ფეხით ყველაფერი გამოსდიოდა და 3-4 წლის ასაკიდან ბურთისთვის ფეხის დარტყმა ჩემთვის უხერხული მარჯვენა ფეხით დავიწყე. საერთოდ, რაც უფრო ადრეულ ასაკში იწყებ რაიმეს სწავლას, მით უფრო მალე ითვისებ. მეც გამიმართლა და დღეს ორივე ფეხით ერთნაირად შემიძლია თამაში.
11 ივლისი ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. სერია A-ში პირველი შეხვედრა რომელშიც სასტარტო შემადგენლობაში მათამაშეს ამ დღეს მქონდა. ეს „სტადიო ოლიმპიკოზე” მოხდა. მე „სასუოლოს” ფეხბურთელი ვიყავი და გოლი გავიტანე. ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გავხდი. ეს იყო გიჟური გამარჯვება. წარმოიდგინეთ რამხელა იღბალია, როდესაც იგებ შეჯიბრებას, რომელიც მილიონობით იტალიელს აბედნიერებს. ეს უდიდესი განცდაა.
აძური ჩემი ხოვრების თანმდევი ფერია. ძალიან მინდა ამ ფერის მაისურა რაც შეიძლება დიდხანს მეცვას როგორც „ნაპოლიში” ასევე იტალიის ნაკრებში. იმედი მაქვს ორივე გუნდის გულშემატკივარს ბევრ სიხარულს მოვუტან.
კერპი ცალსახად კუნ აგუეროა. მას რომ ვუყურებდი თითქოს ჩემს თავს ვხედავდი. ვცდილობდი მისთვის მიმებაძა, მას დავმსგავსებოდი, ოღონდ იმდენად ფიზიკურად არა, რამდენადაც ტექნიკურ ასპექტში. თუმცა, მის გარდა კიდევ იყო სამი ფეხბურთელი, რომელთაც ვეთაყვანებოდი: დი ნატალე, ტევესი და რუნი.
სპორტული მეცნიერება ჩემი ცხოვრების მეორე მხარეა. სწავლას განვაგრძობ. სწავლისადმი სერიოზული მიდგომა ოჯახიდან მომსდევს. მთელი ცხოვრება, ბავშვობიდან დღევანდლამდე ვცდილობდი ფეხბურთი და სწავლა შემეთავსებინა. გავრცელებულია აზრი, თითქოს ორივეს ერთად კეთება შეუძლებელია, მე კი საპირისპიროს დამტკიცებას ვცდილობ. ჩემი აზრით სპორტს სწავლის გამდიდრება შეუძლია და პირიქით, სწავლას შეუძლია სპორტს დამატებითი შტრიხები შესძინოს. ახლა მესამე კურსზე ვარ, ცხრა გამოცდა დამრჩა ჩასაბარებელი. იმედი მაქვს, რომ მაქსიმუმ 2025 წელს დავამთავრებ, თუმცა თუ ყველაფერი კარგად აეწყობა, 2024 წელსაც მინდა ავიღო დიპლომი.
პლაჟის ფრენბურთი ბედნიერი მოგონებაა. ჩემი მეგობარი გოგნა ელიზა მისი წყალობით გავიცანი. განა მარტო ფეხბურთის, ზოგადად სპორტის დიდი მოყვარული ვარ და სწორედ სპორტმა დამაკავშირდა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანთან. მე ელიზას მადლობელი ვარ, რადგან სულ მხარში მიდგას და ძალ-ღონით მავსებს. თავადაც ვცდილობ მისთვის ყველაფერი გავიღო.
ტატუ არ მიყვარს და არც მაქვს. არა მგონია ოდესმე გავიკეთო.