Referee Antonio Rapuano shows the red card to Giovanni Simeone of SSC Napoli during the Italian EA Sports FC Supercup Final match between SSC Napoli...იტალიაში სამსაჯო სკანდალია. სატელევიზიო პროგრამაში Le Iene გამოიყვანეს მოქმედი მსაჯი, რომელსაც სახე დაუფარეს და ხმა შეუცვალეს. ინკოგნიტომ ილაპარაკა იმ ჩარევებსა და გავლენებზე, რომელსაც ქვეყნის სამსაჯო კორპუსი განიცდის. მან ისაუბრა კოლეგათა შეცდომებზე, რომელთაც VAR-ის ოთახში შეკრებილი არბიტრები ხშირად არ ასწორებენ. მან ისიც ახსენა, რომ არცთუ იშვიათად ეთერში საგანგებოდ უშვებენ სადავო ეპიზოდის ისეთ რაკურსს, რომელიც ტელემაყურებელს VAR-ის გადაწყვეტილების სისწორეში არწმუნებს. ბოლოს, უცნობმა თქვა, რომ ხუთი მსაჯი და თანამსაჯი AIA-ს (იტალიის მსაჯთა ასოციაციის) წინააღმდეგ სასამართლოში საჩივლელად ემზადება.

ინკოგნიტო მსაჯის გამოსვლას წინ უძღოდა იტალიის სუპერთასის ფინალი, რომლის პირველი ტაიმის შემდეგ მსაჯ ანტონიო რაპუანოსთან ჩავიდა მატჩის კომისარი ჯანლუკა როკი, რის შემდეგაც რაპაუნომ მსაჯობის სტილი შეცვალა და ყვითელი ბარათების ფრიალს შეუდგა. სწორედ მეორე ტაიმში გააძევეს მოედნიდან „ნაპოლის” თავდამსხმელი ჯოვანი სიმეონე და ნეაპოლელებს სწამთ, რომ მათმა გუნდმა „ინტერთან” ამის გამო წააგო.

AIA-ს პრეზიდენტმა კარლო პაციფიჩიმ რაპუანოსთან კომისრის ჩასვლის ფაქტი არ უარყო, თუმცა განმარტა, რომ ეს ლუიჯი რივას გარდაცვალების გამოსაცხადებლად გააკეთა. მესიჯის გაგზავნა შეუძლებელი იყოო.